17 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
„გაუვალი ჯუნგლები“ – სამცხე-ჯავახეთსა და მაღალმთიან აჭარაში გზები დანგრეულია

რეგიონების ნაწილი გზების და ინფრასტრუქტურის გარეშეა დარჩენილი, განსაკუთრებული პრობლემებია სამცხე-ჯავახეთსა და მაღალმთიან აჭარაში.

ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი საავტომობილო გზა მთლიანად დაზიანებულია. მაგისტრალზე მანქანები ინტენსიურად მოძრაობენ. მძღოლები, ვისაც ამ გზის გავლა ყოველდღე უწევთ, ამბობენ, რომ საზღვრამდე მისასვლელად დროც მეტი ეხარჯებათ და ავტომობილებიც ზიანდება.

ადგილობრივების თქმით, ხელისუფლებისგან გზის შეკეთების პირობა არაერთხელ მიიღეს, თუმცა, სამუშაოები მხოლოდ ცენტრალური გზის გარკვეულ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა გზაზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთს აჭარასთან აკავშირებს. პირველი სოფელი, რომელიც გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ გზაზეა, ლოდიძირია.

აქ უგზოობას უშუქობის პრობლემაც ემატება. ბოლო პერიოდში დენი ხშირად ითიშება. ძლიერი წვიმის დროს გზა გაუვალი ხდება და ტალახის ორმოებში ჩარჩენილი მანქანების ამოყვანას ხალხი ძლივს ახერხებს.

მაღალმთიან აჭარაში მიაჩნიათ, რომ, თუკი ცენტრალური გზები მოწესრიგდება, კურორტზე უფრო მეტი დამსვენებელი ავა და ადგილობრივი ტურიზმიც განვითარდება.

თბილისიდან რეგიონებში სამოგზაუროდ წასული ტურისტები მოუწესრიგებელი გზების გამო გაკვირვებულები არიან. მათი თქმით, მოგზაურების დროს ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ გზებზე მძიმე სურათი დახვდებოდათ.

ამ დროისთვის რეაბილიტაცია მხოლოდ უღელტეხილიდან ბეშუმამდე და მწვანე ტბისკენ მიმავალ გზებს უტარდება. დაზიანებულია ასევე ხულო-ქედა-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც.

 

დღის ამბები