„მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები ... მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად“-ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში დღეიდან ოფიციალურად ჩაერთო "ქართული ოცნება." მასთან ერთად ქუთაისში ჩავიდა კახა კალაძეც. სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას ქუთაისში ხმაური მოყვა. ამომრჩევლის ნაწილმა საქართველოს ოკუპაციის თაობაზე მისი განცხადებები გააპროტესტა, რის გამოც მას დარბაზში შესვლა უკანა კარიდან მოუწია. რამდენიმე საათით ადრე ქუთაისში ჩასვლამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველო თავისივე მოქალაქეებს ბომბავდა.
დარბაზში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე მას განმარტებები ამ განცხადებაზე აღარ გაუკეთებია.
„მოვდივარ თქვენს წინაშე ისეთი როგორიც ვარ. მე არაფრის სხვანაირს არ ვთამაშობ. მე მოვდივარ ჩემი წარსულით, ჩემი მტკიცე პრინციპებით. ზოგჯერ ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ცოტა ნამეტანად მტკიცე. ჩემი ხასიათით ვის მოწონს და ვის არა. ჩემი შეცდომებით თუ წარმატებებით და ჩემი გავლილი გზით. მოვდივარ ასევე ჩემი ქართული ენით რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის რასაც არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ცხადია მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი ეს საფეხურები საქართველოში და როგორიც არის ისეთი არის თუმცა მე ჩემს თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. მე მინდა აქედან მივმართო იმ ახალგარზდებს რომლებიც დრეს არიან საზღვარგარეთ. თქვენ ისწავლეთ ქართული არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით დაბრუნდით. იმიტომ რომ ჩემი მაგალითიო სწორედ ეს არის. რომ მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.