ხმაური იორმუღანლოში - ადგილობრივები ირანის მოქალაქის მიერ იმ გზის შესყიდვას აპროტესტებდნენ, რომელსაც მოსახლეობა ცხვრის ფარის საძოვრებამდე გადასაყვანად იყენებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს საძოვრებამდე მისასვლელი ერთადერთი გზაა, რომლითაც უკვე რამდენიმე თვეა, ვეღარ სარგებლობენ, რადგან ინვესტორმა გზის გათხრა დაიწყო. დღეს იორმუღანლოს მოსახლეობამ თხრილები საკუთარი ძალებით ამოავსო.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი ირანელმა ბიზნესმენმა სახელმწიფო შესყიდვით შეიძინა და ხელშეკრულების დადების პერიოდში არ ყოფილა გათვალისწინებული ის გზა, რომლითაც მეცხვარეები ათეულობით წლის განმავლობაში სარგებლობდნენ.
მეცხვარეები აცხადებენ, რომ ზამთრის საძოვრებზე უკვე ორი კვირაა, ვერ გადაჰყავთ ფარა.
მოსახლეობის თქმით, თუ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს დროულად ვერ იპოვიან, ცხოველები დაიხოცებიან და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
მოსახლეობის თქმით, ერთხელ უკვე ამოავსეს თხრილი, თუმცა, კვლავ მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან.
„ხელმეორედ წავედით გზის გასახსნელად, მოვიდნენ პოლიციის უფროსები და მელაპარაკეს, რომ ჩვენ ერთ კვირაში გადავწყვეტთ ამ გზას, გავხსნით და გაიყვანეთ. მაგრამ დავილოდეთ ამ ერთ კვირას, ერთი კვირა დამთავრდა, მაგრამ ეს ცხვარი ერთი კვირა არ ილოდება, უწყლოდ და უბალახოდ იხოცება ცხვარი,“ - აცხადებს ადგილობრივი.
მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი.
მისი თქმით, ადგილობრივების ძირითად შემოსავალს სწორედ მესაქონლეობა წარმოადგენს.
„8 ათასზე მეტი ოჯახია, რომელიც დამოკიდებულები არიან პირდაპირ ცხვარზე. 80 პროცენტი საქართველოში არსებული ცხვრის რესურსისა არის ზუსტად ამ სოფელში და ზოგადად, საქონლის რესურსი ყველაზე მეტი არის ამ სოფელში. ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა ელემენტარული, ესენი არ ითხოვენ გასაღებაში დახმარებას, ესენი ითხოვენ, რომ ეს გზა ჰქონდეთ და წავიდნენ ზამთრის საძოვრებზე,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა
მეცხვარეებს ორი კვირის წინ დაჰპირდნენ ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა, ყურადღება არავინ მიაქცია.
მათ დღეს მიიღეს გაფრთხილება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კერძო ტერიტორიაზე გაატარებენ ცხოველს, დაჯარიმდებიან.