19 აპრილი 2024,   18:44
ვრცლად
არიან ხელისუფლებაში ასეთი თვითდაჯერებული ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, ეკლესიას ვინ კითხავს, ეს თვითდაჯერებულობა დაღუპავთ - მეუფე ანტონი

„არიან ხელისუფლებაში ასეთი თვითდაჯერებული ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, ეკლესიას ვინ კითხავს და ეს თვითდაჯერებულობა მათაც დაღუპავს და მათივე წინააღმდეგ იქნება,“ - ეს განცხადება ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მეუფე ანტონი პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ბოლო დროს სასულიერო პირების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, აკრიტიკებს.

„არის რამდენიმე თვითდაჯერებული ადამიანი, მაგალითად ავიღოთ, პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონო სალომე, ისე თვითდაჯერებულია, რომ მას ჰგონია, არ შეიძლება, ეკლესიამ თავისი აზრი რომ გამოხატოს. არიან ხელისუფლებაში ასეთი თვითდაჯერებული ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, ეკლესიას ვინ კითხავს და ეს თვითდაჯერებულობა მათაც დაღუპავს და მათივე წინააღმდეგ იქნება. რას ჰქვია ეკლესიას ვინ კითხავს?.. მართალია, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირის დროს დავიბადეთ, მაგრამ ბევრი იქიდან უკვე მიხვდა და შეაფასა ეკლესიის როლი ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ბევრი ჩარჩა ისევ რაღაც დროში და მათ ჰგონიათ, რომ ეკლესია რაღაც დანართია,“ - განაცხადა მეუფე ანტონმა.

მეუფე ანტონი აცხადებს, რომ რიგ საკითხებში სასულიერო პირები ლოიალურები არიან და პოზიციას ღიად არ აფიქსირებენ.

„შეიძლება, ჩვენი ბრალიც არის იმიტომ, რომ ხანდახან მართლა ლოიალები ვართ, ლოიალურად ვუდგებით საკითხებს და მართლა ის, რომ არ გვინდა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ ჩავერიოთ ქვეყნის საქმეებში, შეიძლება, ამანაც აფიქრებინა. შეიძლება, ცალკეული სიტუაციები იყო და ცალკეულ სიტუაციებში ცალკეული გამონათქვამები იყო, მაგრამ ასე ერთიანად მათ არასდროს არ უნახავთ და მგონი, ახლა მათ შეიფხიზლეს,“ - განაცხადა მეუფემ.

დღის ამბები