საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება, სადაც მამუკა მდინარაძემ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციაზე ისაუბრა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, პრემიერის გამოსვლა სიმბოლურ თარიღს დაემთხვა, სოხუმის დაცემის დღეს. ცქიტიშვილის განცხადებით, პრემიერმა სწორი აქცენტები გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ძალიან სიმბოლური, რომ სოხუმის დაცემის დღეს დაემთხვა ეს გამოსვლა, როდესაც პრემიერმა უშუალოდ აფხაზ და ოს, ჩვენს დებს და ძმებს მიმართა და მიმართა მათ შორის იმით, რომ მათ გარეშე ჩვენ საქართველოს მომავალი არ წარმოგვიდგენია. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მას შეეძლო კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ პროგრესისთვის, იმ დემოკრატიული რეფორმებისთვის, რომლებიც ჩვენ უკვე განვახორციელეთ და რა მიმართულებებითაც ჩვენ უკვე ასევე გვაქვს არჩეული გეზი,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო რა გამოწვევების წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. მამუკა ბახტაძემ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს მცოცავი ანექსია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს სრულფასოვნად ცხოვრების საშუალება მისცეს.
18 წუთიანი მიმართვისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის აქტიურად გამოყენების მცდელობაზეც გაამახვილა ყურადღება.