„რუსთავი 2“ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კრიტიკის და თავდასხმის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. ირაკლი კობახიძემ სგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე წინა საარჩევნო გარემოზე ისაუბრა და ამ კონტექსტში სამაუწყებლო კომპანიას პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზია უწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "რუსთავი 2" ამახინჯებს სიმართლეს და მუშაობს რუსული სტილით და ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას აწარმოებს.
მან მაგალითისთვის "ომეგა ჯგუფის" საქმე მოიყვანა და მას სპექტაკლი უწოდა. მისივე თქმით, სწორედ ამ სპექტაკლის გაგრძელებაა მორიგი ჩანაწერები, რომელსაც ასევე "რუსთავი 2" პროპაგანდისტულად აწვდის მაყურებელს.
მისივე თქმით, "რუსთავი 2" შეგნებულად არ იწვევს ეთერში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ცდილობს, ცალმხრივად გააშუქოს მოვლენები.
„პარტიულ ტელევიზიას „რუსთავი 2-ს" აქვს სინამდვილის დამახინჯების, მოქალაქეებზე ზეწოლისა და მაყურებლის მძევლად აყვანის ერთგვარი მცდელობა. კერძოდ, „რუსთავი 2“ აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას, რომელიც ზუსტად შეესატყვისება პროპაგანდისტული რუსული არხების საუკეთესო პრაქტიკას. მე შეგახსენებთ ორ ძირითად საქმეს, რომელზეც იყო არსებითად აგებული ბოლო დროს ეს ბრეინ ვოშინგი ანუ ტვინის გამორეცხვა. ერთი იყო „ომეგას საქმე“. ანუ პირველი სპექტაკლი, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ „რუსთავი 2-მა". დადასტურდა სხვადასხვა მონაცემით, მათ შორის ექსპერტიზის მონაცემებით, რომ ეს იყო სპექტაკლი და ეს სპექტაკლი ძალიან მალევე ჩავარდა, როგორც კი საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი სიმართლე და საბოლოოდ გაირკვა ის, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს სურდა ათეულობით მილიონის არგადახდა. დაიწყო ახალა მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა ზუსტად პასუხები, როგორც გაეცა პასუხი პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს. თავს იკავებენ და გაურბიან „რუსთავი 2 -ის" წარმომადგენლები ჩვენი წარმომადგენლების მიწვევას „რუსთავი 2-ის" ეთერში, რადგან ყველამ ვიცით, რომ მათ ინფორმაციას მხოლოდ ცალმხრივად გაშუქების პირობებში აქვს რეალურად ძალა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.