8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულს გარყვნილი ქმედებისთვის ბრალი დაუმძიმა.
ახალი გარემოება ახალი მტკიცებულებების საფუძველზე გამოიკვეთა, თუმცა, გამოძიებისა და მოკლულის ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით დეტალებზე გიორგი გახარიას მოადგილე საჯაროდ ჯერ არ საუბრობს.
8 წლის ნანა ბერიაშვილი 25 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დაიკარგა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი პოლიციამ ლიახვის ნაპირთან ახლოს ნახა. მომხდარიდან სამ საათში კი 34 წლის იაგო ნებიერიძე ცხელ კვალზე დააკავეს.
იაგო ნებიერიძე მრავალჯერ ნასამართლევია. მან ბოლოს საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე დატოვა. პრეზიდენტის შეწყალებამდე სასჯელის ნებიერიძე ქართული ოცნების მიერ 2012 წელს გამოცემულმა ამნისტიამ შეუმსუბუქა. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ შეწყალების თხოვნით კომისიას თავად ნებიერიძემ ციხიდან მიმართა, რაც დაუკმაყოფილა.
პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც იაგო ნებიერიძე ფიგურირებს, 2004 წლით თარიღდება. საუბარია 11 წლის მოზარდზე, რომელიც 14 წლის წინ გაიტაცეს. მაშინ ნებიერიძე მამასთან ერთად გატაცებულის ოჯახში მუშაობდა.
დაკავებულის მშობელი ყვება, რომ ბავშვი ოჯახის ახლობლებმა გაიტაცეს და ცხინვალის გავლით, ქვეყნიდან გაიყვანეს. 20 წლის იაგო ნებიერიძემ კი შემთხვევით ისარგებლა და მოტყუებით ოჯახისთვის თანხის გამოძალვა უნდოდა.
ამ და სხვა გარემოებების ხელახალი შესწავლა შესაბამისმა უწყებებმა უკვე დაიწყეს.