„არა მიშას," არა "ნაციონალურ მოძრაობას" - ამ სლოგანით ვერის პარკში აქცია გაიმართა. შეკრებილების თქმით, დაუშვებელია ხელისუფლებაში კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდეს, ამისთვის კი არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.
აქციაზე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებლები და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც, რომლის თქმით ვერის პარკში სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერის გამო მივიდა.
ირაკლი რუხაძის თქმით ტელეკომპანია "იმედი" გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების მეორე ტური მოიგოს სახელისუფლებო კანდიდატმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რაც ნათქვამი იყო იმედის განცხადებაში და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია რატომ წავიდა ორი ჟურნალისტი არხიდან და უკავშირდება თუ არა მათი პროტესტი არხის პოზიციას სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში.
„ყველაფერს გააკეთებო განაცხადა ნიკა გვარამიამ, თქვენმა გენერალურმა დირექტორმა, რომ ჯერ სალომეს დავიმახსოვრებო. ჯერ სალომე წავაგებინებ და მერე მოგიბრუნდებითო. აი ჩვენ დაგვემუქრა, რომ მოგვიბრუნდეს. ამას რა თქმა უნდა არ დავუშვებთ. ამიტომ მოვედი აქ. არავის არ დაუტოვებია მე როგორც ვიცი. მგონი ორი ჟურნალისტია, ჩვენთან სულ ვიღაც მიდის და მოდის. ეს განცხადება კიდევ ერთხელ იყო აუცილებელი, მხოლოდ იმიტომ გაკეთდა რა განცხადებაც გააკეთა ნიკა გვარამიამ. კითხვა ხომ იცით?! თქვენი საქმე არ არის მე რას გავაკეთებ. არხი შეეცდება, რომ დეზინფორმაცია რასაც ავრცელებს „რუსთავი 2,“ ამას დაუპირისპიროს ნორმალური და სამართლიანი ინფორმაცია. მხოლოდ ამას და საგანგებო რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გავაკეთოთ ბევრად კარგად, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. აქამდე იმდენ დროს არ ვუთმობდით ამას. ჩვენ გვქონდა დაბალანსებული ბადე. ახლა ეს ბადე გადაინაცვლებს უფრო ახალი ამბებისკენ,“-განაცხადა ირაკლი რუხაძემ.