"ქართული ოცნების" ოფისში, მორიგი სამუშაო შეხვედრა აქციის ფონზე გაიმართა. შენობასთან შპს „საქართველოს“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს.
დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში თბილისის შტაბის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე, ასევე თბილისის შტაბის წარმომადგენლები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ. "ქართული ოცნების" ოფისში იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილიც.
„ჩვენ პირდაპირ ვადანაშაულებთ, ასე ვთქვათ მთავრობას და მთავრობის პროკურატურას, ფინანსურ პოლიციას, შემოსავლების სამსახურს. ერთხელ მაინც რომ შესულიყვნენ სამართალდამცავები კომპანიაში და თუნდაც ელემენტარულად, ბუღალტერია შეემოწმებინათ, ჩვენ დღეს ამ დღეში არ ვიქნებოდით,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
შპს "საქართველოს" დაზარალებული მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
„ჩვენს პრობლემას საქართველოში ვერავინ ვერ აგვარებს და ვერავინ ვერ მოაგვარებს, იმიტომ რომ ჩვენთვის ყველა კარი დახურულია, ყველა ზღაპრებით გვკვება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენ ვართ კორუფციული გარიგებით, მიზანმიმართულად, მიწასთან გასწორებული საზოგადოება. მომეცით საშუალება ბატონო ბიძინა რომ შეგხვდეთ, გითხრათ, მე როგორც რიგითმა ადამიანმა ჩემი გასაჭირი,“ - აღნიშნა დაზარალებულმა.