„მე ვიცი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც კი არ უნდა უპატრონოს, არამედ უკვე უპატრონა საქართველოს დასავლეთის გზაზე,“ - ეს განცხადება პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ქუთაისში, გრიგოლ ვაშაძეზე საუბრისას გააკეთა.
გაერთიანებული ოპოზიცია ამ წუთებში მხარდამჭერებს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ხვდება.
„მე მაქვს საფუძველი, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც გააგრძელებს ამ გზას და საქართველოს დიდ ოკეანეში გაიყვანს და ბოლოს, ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რადგან ეს არის ჩვენი ბრძოლა. ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა, ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი, ეს ომი მოსაგებია ტყვიის გარეშე, გასროლის გარეშე მოვიგებთ ამ ომს და საქართველო შეცურავს დიდ ოკეანეში. მას ეყოლება შესანიშნავი პრეზიდენტი, გონიერი, პროფესიონალი დიპლომატი,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, ქართველმა ხალხმა სალომე ზურაბიშვილს უარი უნდა უთხრას საპრეზიდენტო არჩევნებზე.
„აქ სხედხართ თქვენ ლამაზნი, ტანადნი, ახოვანნი. ნიჭიერნი, მაგრამ გაგვხადეს მშიერნი, უპოვარნი, ვის აქვს ამის უფლება? არავის დედამიწის ზურგზე ასეთი არ დაბადებულა და ქართველს ნებაყოფლობითი მონობა არ აუტანია. ჩვენ უარს ვეუბნებით საქართველოს რენეგატ სალომე ზურაბიშვილს,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ოპოზიციის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ. მან არჩევნებში, ოპოზიციის მიერ აღებულ ხმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ქუთაისში ამდენი ხმა არასდროს მიუღიათ.
„ეს არ არის ბრძოლა პრეზიდენტობისთვის, ეს არის ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის,“ - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.
ბობოხიძის თქმით, დღეს საქართველოში მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები არ იმართება.
„დღეს ჩვენ გვიწევს ბრძოლა რუსული პროექტის საბოლოო დასამარებისათვის და ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ აქ არ ვირჩევთ მხოლოდ პრეზიდენტს, ჩვენ სერიოზული ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ რუსულ იმპერიას,“ - აღნიშნა ბობოხიძემ.