17 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
„ჩვენ ჩავატარეთ ღირსების არჩევნები, მოსახლეობამ უარი უთხრა ხელისუფლებაში მოკალათებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას“-გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრას ქუთაისში მართავს. გრიგოლ ვაშაძემ 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებმა ყველას დაანახვეს რომ მთავარი არის სახელმწიფო.

„ჩვენ ჩავატარეთ ღირსების არჩევნები. ჩვენ ჩავატარეთ ისეთი არჩევნები, რომელმაც ყველას დაანახა, რომ საქართველოს მოქალაქისთვის მთავარი არის სამშობლო, სახელმწიფო, თანასწორობა, სამართლიანობა. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. საქართველოს  მოსახლეობამ უარი უთხრა ხელისუფლებაში მოკალათებულ ამორალურ შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელიც შეთქმულებას აწყობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და ასევე იმ ადამიანებს ვინც ხმა მას არ მისცა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით ამ ამომრჩეველმა მოიხადა თავისი კონსტიტუციური ვალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ეშინია სარალიძის და მაჩალიკაშვილის გვარების ხსენებაც კი.

გრიგოლ ვაშაძემ ქვეყანაში არსებულ მძიმე პირობებზე ისაუბრა, მათ შორის ხაზი გაუსვა გაუარესებულ კრიმინალურ მდგომარეობას და უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას.

გრიგოლ ვაშაძე პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის გატანასაც გამოეხმაურა. მისი თქმით ყველასთვის ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა წინასაარჩევნოდ და სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ეს კანონპროექტი დაბრუნდება პარლამენტში.

„აუცილებელია პოლიტიკური სისტემის შეცვლა. ეს სისტემა არაფერს არ დაბადებს გარდა ერთპარტიული მმართველობისა. ჩვენ ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ. ჩვენ გვჭირდება მრავალპარტიული პროდასავლური, პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა, სადაც არავინ იქნება ბიძაშვილ-მამიდაშვილობით არჩეული და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით იმ ხალხს ვინც ახლა პარლამენტში ზის მორალური უფლება არ აქვს საკანონმდებლო ორგანოში იყვნენ.

„პირველი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არის უმნიშვნელოვანესი. ასევე მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მინისტრთა კაბინეტში იყოს ოპოზიციის წარმომადგენელიც.

„ოპოზიცია არის ხელისუფლების ნაწილი. ოპოზიცია არის ის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს მაგრამ არ მართავს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა რომ მათ შორის გენერალური პროკურორიც უნდა დაინიშნოს ოპოზიციის მხრიდან. 

მისივე თქმით აუცილებლად უნდა აღდგეს უშიშროების საბჭო. 

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით გაერთიანებული ოპოზიცია იზიარებს „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივას და როგორც კი ის გაიმარჯვებს გამოცხადდება ამნისტია ყველა იმ მსჯავრდებულისთვის ვინც დანაშაულს მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და მოხმარებისთვის იხდის. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები