გზის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც რადენიმე საათში დასრულდა - გზა ხაშურის რაიონის სოფელ ახალუბნამდე საგზაო სამუშაოებისთვის განკუთვნილმა სამთავრობო ტექნიკამ რამდენიმე წლის წინ დატოვა, მას შემდეგ სამშენებლო მასალა გზის სავალ ნაწილზე ყრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაშინ მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა. მას შემდეგ კი ადგილზე მუშები აღარ გამოჩენილან.
სოფლამდე მისასვლელი გზა კი იმდენად არის დაზიანებული, რომ ნალექის დროს ახალუბანში სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ ადის. ამის გამო პაციენტიც კი დაიღუპა. სოფლამდე მისასვლელი გზის გარდა ახალუბანში ბევრი პრობლემა აქვთ. მათშორისაა სასმელი წყალიც.
მთელ სოფელში სასმელი წყალი მხოლოდ ერთ ონკანში მოდის, ამიტომ მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე წყლის აღების გრაფიკიც შემუშავებული აქვთ. სოფელში არ არის ამბულატორია. ადგილობრივები ამბობენ რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება.
ახალუბნის პრობლემების შესახებ ხაშურის მერია ინფორმირებულია. ადმინისტრაციის წარმომადგენლისათვის უცნობია, გაწერილია თუ არა ბიუჯეტში სოფლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ავტორი: იზო ჩუბინიძე.