ხელკეტებით, იარაღის კონდახებით და კასტეტებით ჩალეწილი ძვლები, სისხლი და სხვა უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები - ამ მეთოდით გაუსწორდა "ქართული ოცნების" დეპუტატი ოპონენტებს ახალქალაქში და ამავე მეთოდით აშინებს სხვებსაც, რომ ოპოზიციისთვის ხმის მიცემა არ გაბედონ.
ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი, რომლის ძმაც 20-კაციანი დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა და რომელიც თავადაც ადევნებდა თვალს როგორ უსწორდებოდნენ ოპოზიციის წევრებს, არავის დაუსჯია. ის არც კი დაუკითხავთ.
ირკვევა, რომ სწორედ ის აკონტროლებს რეალურად ახალქალაქს და ნინოწმინდას. აკონტროლებს თავისი ფულით და ძალადობით. ფულით და ძალადობით უზრუნველყოფს იმასაც, რომ ამ რაიონებში ყოველთვის ხელისუფლებამ გაიმარჯვოს.
ის ასევე მთლიანად აკონტროლებს ამ რაიონების ეკონომიკას, იმიტომ, რომ მთავარ ბიზნესებს თვითონ და მისი ოჯახის წევრები ფლობენ. ყველაფერი მნიშვნელოვანი იქ მკოიანებს ეკუთვნით და მათ კომპანიებში სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც უზარმაზარი თანხები შედის.
ადგილობრივები მმართველი გუნდის წევრს და პარლამენტის დეპუტატს მაფიოზად მოიხსენიებენ და ამბობენ. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ყველამ იცის, რომ ის მთლიანად აკონტროლებს მხარეს. უმეტეს წილად მისი ეშინიათ.