17 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
„ხელისუფლება ხვდება, რომ ამ სხვაობის ამოქაჩვა არის ფანტასტიკის სფერო“ - ოპოზიცია „ოცნების“ მობილიზაციას უშედეგოდ მიიჩნევს

სალომე ზურაბიშვილი 615 572 ხმა,  გრიგოლ ვაშაძე 601 224 ხმა - ასეთია არჩევნების პირველი ტურის შედეგი. სხვაობა 14 348 ამომრჩეველია, თუმცა მას შემდეგ, რაც მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა დავით ბაქრაძემ გამოუცხადა, ის ხმები რომელიც "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდამჭერებს შეუერთდა. საბოლოოდ კი გამოდის, რომ მეორე ტურისთვის გრიგოლ ვაშაძე სავარაუდოდ 776 073 ხმას მიიღებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ხმა რაც დავით ბაქრაძეს ჰქონდა, მთლიანად გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ გადავა.

ამ ციფრების გათვალისწინებით კი როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, თავისი გეგმები აქვს.

მმართველი გუნდი გათვლას იმ ამომრჩეველზე აკეთებს, ვინც არჩევნების პირველ ტურზე არ მივიდა. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მეტი კომუნიკაცია უნდა დაამყაროს მათთან.

„არსებობს კიდევ 54%, რომელიც საერთოდ არ მოსულა არჩევნებზე. შესაბამისად, რეზერვი, არის სწორედ ამ 54%-ის მობილიზება. იმისთვის, რომ ჩვენზე გაბრაზებული ამომრჩეველი და ინდიფერენტული ამომრჩეველი მოვიზიდოთ, აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მთელი ამ წლების განმავლობაში. რა გაკეთდა უკვე ამაზე ინფორმაცია თითქმის ძალიან მცირეა მწირია. რა იგეგმება მომავლში,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

„ევროპულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ ის შედეგები, რომელიც პირველ ტურში დაფიქსირდა „ოცნებისთვის“ უკვე დამარცხებაა. იმ ხმებს კი რაც გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვა სხვა პარტიების ამომრჩეველიც ემატება, რომელმაც გაერთიანებულ ოპოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ეს მათთვის დამარცხებაა, შესაბამისად, ვიღაცა ამ 600 ათასიდან ან გამარჯვების სულს წაყვება ოპოზიციისკენ ან სახლში დარჩება. ზოგადად ჩვენ გვქონდა 175 ათასი ხმა. ამ ხმების უდიდესი ნაწილი წავა გრიგოლ ვაშაძესთან. შესაბამისად, აქ არსებობს კონკრეტული რესურსი. როდესაც ვლაპარაკობთ „ქართული ოცნების“ კანდიდატზე, საუბარი არის უფრო აბსტრაქტულ, ეფემერულ ხმებზე,“-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ იმ სხვაობის ამოქაჩვას, რაც გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის არის ხელისუფლება ვერ შეძლებს.

„ოპოზიციას მხარი დაუჭირა პირველ ტურში მილიონ ოცდაორიათასმა  ამომრჩეველმა, ხოლო ქართულმა ოცნებამ მიიღო მხოლოდ 616 ათასი ხმა და ან 616 ათასი ხმიდან ჩვენი ანალიზით რომელსაც ახლა ვაკეთებთ, დაახლოებით 150 ათასი ხმა აქვს გაყალბებული, ხელისუფლება ხვდება, რომ ამ სხვაობის ამოქაჩვა არის ფანტასტიკის სფერო,“-განაცხადა ნიკა მელიამ. 

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები