19 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
მართლა რომ მქონოდა რაიმე კავშირი რუსეთის შესაბამის სამსახურებთან, მე რუსეთის ფედერაცია მომსპობდა - გრიგოლ ვაშაძის პასუხი ბრალდებებზე

ფოტო ვლადიმერ პუტინთან - ეს ერთ-ერთია იმ შავი კამპანიიდან, რომელიც გრიგოლ ვაშაძის მოწინააღმდეგეებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. მონტაჟის კვალი ფოტოზე აშკარაა. რეალურად, ფოტო რუსეთის პრეზიდენტმა, ამერიკელ რეჟისორთან, ოლივერ სტოუნთან გადაიღო. 

ოსტატურად არის დამონტაჟებული გრიგოლ ვაშაძის სახე კგბ-ს მოწმობაზეც. ამასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე "პოსტსკრიპტუმთან" საუბრობს.

„მე მართლა რომ მქონოდა რაიმე კავშირი რუსეთის შესაბამის სამსახურებთან, ან საბჭოთა კაშირის, რამდენად კრეტინი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ მიხვდეს, მე რომ რაღაც ერთ ფაქტი მქონოდა წარსულში, მე რუსეთის ფედერაცია მომსპობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ზუსტად ერთ წელიწადში,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძე იმ წერილზეც საუბრობს, რომელიც მან 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში რუსეთის კულტურის სამინისტროში გაგზავნა. ის იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

„წერილში ეწერა ის, რომ კულტურამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი იმაში, რომ ომის ტრაგიკული შედეგები რამენაირად ჩამოვიყვანოთ მისაღებ, ცივილიზებულ ფორმებამდე, ეს უფრო ჩვენი დასავლელი მოკავშირეებისთვის იყო გაკეთებული, ვიდრე რუსეთის ფედერაციისთვის,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის წინააღდეგ, ხელისუფლების და მისი კანდიდატის მთავარი კომპრომატი რუსული პასპორტია, რომელიც მან და მისმა მეუღლემ, ნინო ანანიაშვილმა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობად ნიუ იორკში ყოფნისას მიიღეს. სწორედ ამერიკიდან დაბრუნდა ოჯახი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თხოვნით.

„მე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დავინიშნე ზუსტად იმიტომ რომ, ჯერ ჩემი პროფესიონალური გამოცდილების გამო და შემდეგ იმიტომ რომ მთელ მსოფლიოს დაენახა, რუსეთის მოქალაქე ინიშნება ამ პოსტზე იმისათვის, რომ ყველანაირად ვეცადოთ ომი თავიდან ავიცილოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ვაშაძის თქმით, მის ბიოგრაფიაში ქექვას ჯობია, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიას გადახედონ.

გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას შეწყალების თემაზეც საუბრობს.

„ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემა არის შენ კაცობაზე უარის თქმა. ამბობს, არ გამოვალ შეწყალებით, არაფერი არ მჭირს თქვენი შესაწყალებელი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი, მეორე ტურის წინ ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ განცხადებებსაც აფასებს. მმართველი გუნდის წევრები აქტიურად ალაპარაკდნენ შურისძიების, კონტრრევოლუციის და სამოქალაქო ომის შესახებ. გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობა ამ საშიშ სატყუარას არ წამოეგება. არც შური აქვს საძიებელი და პოლიტიკური დაპირისპირების დრო 2012 წელს დასრულდა.

„რა დროს შურისძიებაა, ქვეყანაში არის შიმშილი. 150 ათასი ბავშვი შიმშილობს. ამ ციფრს უფიქრდება ვინმე?“ - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს.

„ამ 6-მა წელმა გვასწავლა ორი მარტივი ჭეშმარიტება, კაბინეტში სუფთად უნდა შეხვიდე  და იქიდან სუფთად გამოხვიდე, რომ მერე ქუჩაში გამოსვლა არ გეშინოდეს და მეორე, კაბინეტში შედიხარ დროებით,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძე გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში საარჩევნო კანონი უნდა შეიცვალოს, სადაც არ უნდა იყვნენ მაჟორიტარები, რომლებიც, მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დასმული ფეოდალები არიან რეგიონებში. მან საუბრის დროს ენზელ მკოიანიც ახსენა და მოსახლეობას ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ მკოიანი წინა ხელისუფლების დროსაც პარლამენტის დეპუტატი იყო.

პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთ-საქართველოს შესახებაც საუბრობს და იმაზე, რა უნდა დაუპირისპიროს ქვეყანა რუსეთის აგრესიას.

„ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ფანტასტიური წარმატება რუსებს და უპირველეს ყოვლისა, რაც შეიძლება სრულფასოვანი, დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს მშენებლობა. ეს არის მათი შავი კოშმარი.

ვაშაძე ქუთაისში გადატანილ პარლამენტსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

დღის ამბები