08 მაისი 2024,   01:15
ვრცლად
„ომეგა ჯგუფის“ საწარმო კვლავ გაჩერებულია და 1500-მდე პირი სამსახურის გარეშეა დარჩენილი" - კომპანიის დირექტორი

„ომეგა ჯგუფის“ საწარმო კვლავ გაჩერებულია და 1500-მდე პირი სამსახურის გარეშეა დარჩენილი - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.  

ლევან აღდგომელაშვილის თქმით, საწარმო ფინანსთა სამინისტროსგან აქციზური მარკების მიღებას კვლავ ვერ ახერხებს, რის გამოც კომპანიის ფუნქციონირება მორიგ ჯერზე შეჩერდა.

საწარმოს დირექტორის განცხადებით, კომპანიამ აქციზური მარკებისთვის საჭირო ინვოისის მოთხოვნა 12 ნოემბერს დააფიქსირა, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა, ხოლო რამდენიმე წერილზე პასუხი საერთოდ არ მიუღია.

დირექტორი საწარმოს ირგვლივ შექმნილ ვითარებას იმ განცხადებებსა და სქემას უკავშირებს, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ეთერში „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გაახმოვანა.

კომპანიაში ეჭვობენ, რომ „ომეგა ჯგუფს“ ხელახალი პრობლემები ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ შეექმნა.

საწარმოს დირექტორი სამართლებრივ დავას არ გამორიცხავს, რადგან მიაჩნიათ, რომ ყველა კანონდამრღვევი პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„ეჭვგარეშეა, რომ შემოსავლების სამსახური და მისი კონტრაქტორი მოქმედებენ შეთანხმებულად და მიზანმიმართულად, რათა „ომეგა ჯგუფს“ არ მიეცეს საშუალება, კანონით დადგენილი წესით შეიძინოს წარმოებისთვის საჭირო აქციზური მარკები. სწორედ ამგვარი არაკანონიერი ხელშეშლის მიზეზია ის, რომ „ომეგა ჯგუფის“ საწარმო დღესაც გაჩერებულია და ადამიანები, რომლებიც აქ იყვნენ დასაქმებულები, ისევ უმუშევრად არიან დარჩენილები,“- განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა „კვირის აქცენტებთან“ დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, თუ რა უძღოდა წინ კომპანიის ამუშავებას და რის სანაცვლოდ სთავაზობდა ხელისუფლება ათობით მილიონს. მთლიანობაში 60 მილიონამდე უნდა შესულიყო "ომეგა ჯგუფში," ყველა იმ გარიგების სანაცვლოდ, რაზეც ხელისუფლება წავიდა, მათ შორის იყო "ქართუ ბანკიდან"  8 მილიონიანი გადარიცხვა.

ზაზა ოქუაშვილის სკანდალური განცხადებების შემდეგ "კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომელიც ადფასტურებს, როგორ გადარიცხა არჩევნებამდე ორი დღით ადრე "ქართუ ბანკმა" ომეგა ჯგუფის ანგარიშზე 7 მილიონ ლარზე მეტი და როგორ ყიდულობდა ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენის დუმილს.

 

დღის ამბები