19 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრო და "ქართული ოცნება" კვლავ მიდის პირდაპირ პროვოკაციებზე - გიორგი ვაშაძე

დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტს გაერთიანებულ ოპოზიციაში საგანგებო ბრიფინგით ეხმაურებიან. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამ წუთებში ოპოზიციის წევრები გურჯაანში იმყოფებიან და დაკავებულის ადგილსამყოფელს იკვლევენ.

„სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო და "ქართული ოცნება" კვლავ მიდის  პირდაპირ პროვოკაციებზე და ახლა უკვე დაკავებულია ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე. ჩვენი გუნდის წევრები იმყოფებიან გურჯაანში, ზუსტად ვადგენთ მის ადგილსამყოფელს და რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება მკაცრი რეაგირება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე შინაგან საქმეთა წარმომადგენლის მიერ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც განაცხადეს, რომ ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს. 

„ის სამართალზე და კანონზე ისე გვიყვება, გეგონება ეს იყოს მათთვის არსებული რაღაც დოკუმენტაცია. საქართველოს კონსტიტუციით, ჩვენ გვქონდა გადაადგილების თავისუფლება და შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება. უფრო მეტიც, კანონი შეკრების და მანიფესტაციების შესახებ, ჩვენ გვქონდა უპრობლემოდ თელავში მისვლის უფლება. თუ მათ სურვილი ჰქონდათ რაიმე ტიპის შეზღუდვასთან, გადაადგილებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოეცათ. ეს ჩვენთვის უნდა ეცნობებინათ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი უსაფრთხოების მიზნით, შესასვლელი ჩაკეტილი იყო, ამის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციისთვის უნდა ეცნობებინათ. მისი თქმით, თელავისკენ მიმავალ გზაზე უამრავ უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი პოლიციელების მხრიდან. 

„ყველა ის მოქმედება, რასაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები ატარებდნენ იქ, ეს იყო უკანონო ქმედება, შესაბამისად, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ უფლება, გაეთავისუფლებინათ გზა და გაეგრძელებინათ სვლა თელავისკენ, რაც იყო წინასწარ დაანონსებული,“ - ამბობს ვაშაძე.

მისი თქმით, გუშინ ყველანაირი კანონი იყო დარღვეული სამართალდამცველების მხრიდან.

„ხალხნო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის კანონის გარეშე ქმედება, ყველა მუხლი დარღვეული გაქვთ, არც ერთ მუხლს არ იცავთ, არაფერს აღარ იცავთ. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ კანონის ფარგლებში დარჩეთ. პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები, ვინც იქ იდგნენ, ისინი არ ითვლებიან პოლიციელებად, იმიტომ, რომ არანაირი სამართლებრივი აქტი არ არსებობდა, რომ მათ ჰქონდათ გზის გადაკეტვის უფლება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები