19 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
„ოცნების“ მატარებელი ოპოზიციის წინააღმდეგ - აქციის მონაწილეებისთვის თბომავლით გზის გადაკეტვა, სავარაუდოდ, ხელისუფლების გეგმის ნაწილი იყო

„ქართული ოცნების“ მატარებელი ოპოზიციის წინააღმდეგ - ინაუგურაციის დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის თბომავლით გზის გადაკეტვა დიდი ალბათობით ხელისუფლების გეგმის ნაწილი იყო.

გურჯაანის დეპოს ჟურნალის ჩანაწერით ირკვევა, რომ ერთ-ერთი იშვიათად სანახავი რეისი გურჯაანი-თელავის მიმართულებით სწორედ ინაუგურაციის დღეს 16 დეკემბერს დაინიშნა. დეპოს თანამშრომლები ადასტურებენ, რომ მათ ბრძანება ინაუგურაციის დღეს 11:00 საათისთვის მიიღეს და თბომავალი თელავისკენ მალევე დაიძრა.

დეპოს თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ არაფერი იცოდნენ, თუ მათთვის მიცემული დავალება მიზნად შესაძლოა, ოპოზიციის აქციის ხელისშეშლას და გზის ჩახერგვას ისახავდა. მათი განმარტებით, რეალური დავალება თელავიდან გურჯაანში ორი ცარიელი ვაგონით ღვინის წაღება იყო, თუმცა ეს მიზანი ვერ შესრულდა, რადგან შეკრებილებმა თბომავალს ველისციხის გავლის უფლება არ მისცეს.

აქციის ადგილობრივი მონაწილეები კი აცხადებდნენ, რომ თელავის მიმართულებით მატარებელი მათ თვეებია არ უნახავთ და პროტესტის ადგილზე თბომავლის გამოჩენა, ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული ქმედება იყო.

გურჯაანის დეპოში განმარტავენ, რომ თელავის მიმართულებით თბომავალმა 9 დეკემბერსაც შეასრულა. ძირითადად კი კერძო შეკვეთებზე მუშაობენ და არარეგულარულ რეისებს ასრულებენ.

16 დეკემბერს ველისციხეში გაჩერებული თბომავალი მხოლოდ მემანქანეებისა და აქციის მონაწილეების გარემოცვაში არ ყოფილა. ვაზისუბნის გამგებელი, გიორგი სოლომნიშვილი მემანქანის კაბინასთან საათობით იდგა და სიტუაციას აკვირდებოდა, შემდეგ კი როდესაც მისი ვინაობა დადგინდა, ტერიტორია დატოვა.

გიორგი სოლომნიშვილი დღეს ამტკიცებს, რომ დაპირისპირების ადგილსა და თბომავალზეც შემთხვევით მოხვდა.

ადგილობრივები მატარებლის დანიშვნას რეალური საჭიროებიდან გამომდინარე რეგულარულად ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები