„პატივისცემით მიეპყროთ პარლამენტს და პარლამენტის წევრებს და მითითებებს ნუ გაგვიკეთებთ, რა ფორმით და რა ტონით ავირჩევთ თქვენთან დისკუსიას,“ - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ შს მინისტრს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი გახარია იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, სადაც მინისტრმა ოპონენტებს მოუწოდა, რომ პარლამენტში დისკუსია საქმიან რეჟიმში წარიმართოს.
ხოშტარიამ მინისტრს მოუწოდა, რომ თუ კანონის პრინციპულ დაცვაზე დაიწყებს საუბარს, მაშინ სწორედ ისევე უნდა დაისაჯოს ყოფილი გენერალური პროკურორი ფარცხალაძე, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, თქვენს ერთგვარ ცინიკურ მითითებას, პოლიტიკურ ცეკვებთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ, პატივისცემით მიეპყროთ პარლამენტს და პარლამენტის წევრებს და მითითებებს ნუ გაგვიკეთებთ, რა ფორმით და რა ტონით ავირჩევთ თქვენთან დისკუსიას. პარლამენტში იმყოფებით და ეს თავისუფლება არის ნამდვილად ჩვენი. პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეთ ოპოზიციის ლიდერი. ოღონდ, ბატონო გიორგი, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ყველა აგებს პასუხს სტატუსის მიუხედავად და ამით აჩენთ ვითომ პრინციპულობას, მე მაინტერესებს, ამ მუხლის ის ნაწილი ხომ არ გაქვთ წაკითხული, რომელშიც წერია, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმა ისჯება სისხლის სამართლით 4-დან 7 წლამდე და თუ გაქვთ წაკითხული და უნდა გქონდეთ, ისიც კარგად უნდა იცოდეთ, რომ თქვენი პრინციპულობა, პირველ რიგში, ფარცხალაძეზე უნდა ვრცელდებოდეს, რომელიც დიახაც, თავს დაესხა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირს და წარმომადგენელს. ეს პრინციპულობა და ეს ტონი, ვითომ კანონი კანონობს და ვითომ თქვენ განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ხართ ამ კანონის გარანტი, გამოიჩინეთ სწორედ ფარცხალაძესთან მიმართებაში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.