„ვისი მძევალი ხართ, აქ რომ წვალობთ ასე, ბატონო გიორგი,“ - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ შს მინისტრს.
გიგა ბოკერიამ გიორგი გახარია გააკრიტიკა, რადგან მინისტრმა მის კითხვებს პასუხი არ გასცა, მათ შორის, არც ერთი წლის წინ არჩევნების პერიოდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერს დაემუქრნენ.
„მე მომესმა, თუ თქვენ თქვით, რომ ორ კერძო პირს შორის საუბარი არ მაინტერესებს არაფერს ნიშნავსო და თქვენ სპექტაკლი უწოდეთ ამას. აქ ერთ-ერთი არის "ქართული ოცნების" მაჟორიტარის შვილი, რომელიც მთავრობის სახელით პოლიციასთან დალაგებას ჰპირდება ურთიერთობის. კაცი ჩვენებას გაძლევდათ და მარტო ჩვენება კი არა ჩანაწერიც გქონდათ და ეს დასაცინია შს მინისტრისგან? გასაგებია თქვენი გზავნილი,“ - განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიამ მინისტრი გახარია ასევე იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, როდესაც მინისტრმა თქვა, რომ პოლიციელებზე ძალადობა მკაცრად დაისჯება.
„აქამდე რა იყო არ მაინტერესებს, დღეიდან აღარ დავუშვებ პოლიციელის ცემასო? ანუ კირკიტაძის ინციდენტით დაიწყეთ სტანდარტის დაცვა? ადრე რა იყო, თქვენი პოლიტიკური გუნდის დროს იმას, რომ არ იძიებთ, კორცხელში, რომ სცემეს პოლიციელები ის გაშველება, რომ არის თურმე, რა მაგარია. შემოელახათ პოლიციელები გაშველების დროს. "ქართული მარშის" ხალხი რომ სცემდა პოლიციელებს, ის არაუშავს ხომ, ახლა მაისში, არაუშავს ხომ ეგეც. იმაზე რატომ არ გამეცით პასუხი, მარნეულის გამგებელზე, თქვენივე დეპუტატები რომ იყვნენ აღშფოთებულები შარდი, რომ წაასმევინა სახეზე კაცს და ციხეში კი არ ზის დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში ზის,“ - ამბობს ბოკერია.