„ბატონო გიორგი, თქვენ ბევრი იწვალეთ, მაგრამ ვერცერთ კითხვას, რომელიც შერჩევით სამართალს ეხებოდა, პასუხი ვერ გაეცით, უფრო მეტიც, გააღრმავეთ ის განცდა, რომ შერჩევითი სამართალი ამ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა,“- ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, პოლიცია პოლიტიზირებულია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში შერჩევითი მიდგომა იკვეთება.
"ერთი მხრივ, კბილებით იცავთ იმ მიდგომას, რომ კირკიტაძე იყო დასაჭერი, იმიტომ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა პოლიციელის მიმართ, დავუშვათ ეს ასეა, მაგრამ ასეთივე ძალადობა სამართალდამცავების მიერ ჩადენილი იყო კორცხელში, თქვენ იცით, ყველას ნანახი აქვს, მაგრამ გეყოთ პოლიტიკური გამბედაობა, უტიფრობა, რომ გამშველებელი იყო პოლიციელი და იმიტომ განსხვავდებოდა. ასეთი ძალადობა თანამდებობის პირის მიმართ იყო ფარცხალაძის შემთხვევაში თორდიასთან მიმართებაში. თქვენ თქვით, რომ ის იყო კერძო საქმე. სცადეთ, რომ გამომძვრალიყავით იმისთვის, რომ შერჩევითი სამართალი დაგეცვათ და გაგემართლებინათ. უბრალო ძალადობა აგერ იყო ახალქალაქში,“- აღნიშნა კაპანაძემ.