„ვერ შეგვაშინებთ ამ დაჭერებით, ვერც დავით კირკიტაძეს შეაშინებთ, ვერც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შეაშინებთ და ვერც იმ 800 ათას ამომრჩევლებს შეაშინებთ,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ შს მინისტრის საპასუხოდ გააკეთა.
თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარია იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, როდესაც შს მინისტრმა აღნიშნა, რომ დავით კირკიტაძის გარდა, კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებები გაგრძელდება.
„რეალურად, ბატონი გიორგი ჩვენ გვეუბნება, რომ ამ საკითხებზე უნდა მივმართოთ კრიმინალ ფარცხალაძეს, იმიტომ, რომ ბატონმა გიორგიმაც და ჩვენც და თქვენც, უმრავლესობის წევრებო ძალიან კარგად იცით, რომ დღეს საქართველოს პროკურატურას მართავს კრიმინალი ფარცხალაძე და კიდევ ერთი მიზანი ჰქონდა, როგორც ჩანს, დღეს მინისტრის პარლამენტში მოსვლას და ეს იყო უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერება ოპოზიციის მიმართ მუქარის. მუქარის დაჭერით, დევნით შევიწროებით და შერჩევითი სამართლით „კირკიტაძე ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთო,“ მოგვახსენა დღეს ბატონმა გახარიამ,“ - ამბობს ბოკუჩავა.
შს მინისტრმა თინა ბოკუჩავას კრიტიკა არა მხოლოდ ოპონენტების დაჭერების დაანონსებით, არამედ მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის არიდების გამოც დაიმსახურა.
„დღეს მინისტრი აქ მოვიდა, როგორც აღმოჩნდა, იმიტომ კი არა, რომ გასცეს პასუხი ზაზა სარალიძეს, გასცეს პასუხი ვახა მაჩალიკაშვილს ან ია კერზაიას შვილს ან ნოდარ ბურდილაძის ოჯახს ან ახალქალაქში დაზარალებულებს ან აფგან მუხთარელის და მის მეუღლეს ან იმ 800 ათას ამომრჩეველს, რომელმაც იცის, რომ მას არჩევანი 28 ნოემბერს მოპარეს, არა, დღეს აქ მინისტრი მოვიდა იმისთვის, რომ დათუნა სარალიძის მკვლელის დაუსჯელობა სრულიად ურცხვად, ფაქტობრივად, კომისიას დააბრალოს. მოვიდა იმისთვის, რომ გვითხრას, რომ მაჩალიკაშვლის საქმეს, მუხთარლის გატაცებას და არჩევნების გაყალბებას თურმე პროკურატურა იძიებს,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.