19 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ადამიანი, რომელმაც უარი თქვა ნიკა გვარამიას ფარულად ჩაწერაზე დაპატიმრებულია - გოგიტა დალაქიშვილი "კურიერს" ციხიდან დაუკავშირდა

ადამიანი, რომელმაც უარი თქვა ნიკა გვარამიას ფარულად ჩაწერაზე დაპატიმრებულია. გოგიტა დალაქიშვილი, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, „კურიერს“ ციხიდან დაუკავშირდა და მისი დაკავების დეტალებზე ესაუბრა.

დალაქიშვილი უკვე 11 თვეა, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენების საქმეზე სასჯელს მეთორმეტე დაწესებულებაში იხდის. მისი მტკიცებით, საპატიმროში მას სამედიცინო დახმარებაზე უარს პოლიტიკური ნიშნით რამდენიმე თვეა, ეუბნებიან.

გოგიტა დალაქიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი დაკავების ბრძანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სოსო გოგაშვილმა პოლიტიკური შურისძიების მოტივით გასცა. მმართველი გუნდის ყოფილი მხარდამჭერი დარწმუნებულია, რომ სუსი მისმა სამოქალაქო აქტიურობამ გააღიზიანა.

პატიმარ დალაქიშვილის მტკიცებით, სოსო გოგაშვილი მას შუამავლების მეშვეობით ე.წ. აგენტ-პროვოკატორობას სთხოვდა. ერთ-ერთი დავალების თანახმად მას „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ფარულად უნდა ჩაწერა. ფარული აუდიომასალა კი მოგვიანებით უკრაინულ "ვიკილიქსზე" გამოქვეყნდებოდა.

ინფორმაცია სუს-ის მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით გოგიტა დალაქიშვილმა „რუსთავი 2“-ს დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მართლაც მიაწოდა. დალაქიშვილი „კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ სუს-ის ინტერესს სასჯელაღსრულების სამინიტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი კორძაიას შესახებ ინფორმაციია წარმოადგენდა. უწყებას აინტერესებდა, დაადასტურა თუ არა კორძაიამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა თანხის სანაცვლოდ.

გოგიტა დალაქიშვილმა „კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ძალოვან უწყებასა და მას შორის შუამავალიც დაასახელა. მისი მტკიცებით, სუს-ის დავალებებს მას პარლამენტის თავმჯომარის ნათესავი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, სოსო ზაალიშვილი აძლევდა. დალაქიშვილის მტკიცებით, ინფორმაცია ნიკა გვარამიას ფარულად ჩაწერის შესახებ ქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც.

გოგიტა დალაქიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით „კურიერმა“ სოსო გოგაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ბრალდებებს უარყოფენ სასჯელაღსრულების სამინიტროში და აცხადებენ, რომ მსჯავრდებულმა ფიზიო პროცედურა 6-ჯერ მიიღო, დღეს კი პროცედურის ჩატარებაზე უარი თავად განაცხადა. წულუკიანის უწყებაში ამტკიცებენ, რომ 25 დეკემბერს დალაქიშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაც იგეგმება.

დღის ამბები