19 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
შს მინისტრი ოპოზიციას ციხეში "ჩაგდებით" ემუქრება - დაძაბული პოლიტიკური დებატები პარლამენტში

შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში - დაძაბული პოლიტიკური დებატები პარლამენტში, თითქმის, შვიდ საათს გაგრძელდა. სიტყვით გამოსვლა გიორგი გახარიას ოპოზიციამ რეპლიკებით რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

შს მინისტრმა ოპოზიცია პარლამენტში სპექტაკლის დადგმაში დაადანაშაულა. ხელისუფლების ოპონენტებმა კი გიორგი გახარიას არაკომპეტენტური პასუხების გაცემაზე მიუთითა.

საპარლამენტო ტრიბუნიდან გახარიამ 16 დეკემბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თქვა, რომ გზის გადაკეტვით და ოპოზიციისათვის ხელის შეშლით ინაუგურაციის ჩაშლა აღვეთა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა დავით კირკიტაძის დაკავებაზე.

„დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ, და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ ვინც ამას დაიმსახურებს,“- აღნიშნა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრს იმის აღიარებაც მოუწია, რომ „შაბათის კურიერის“ მიერ გასაჯაროებული არჩევნების გაყალბების კადრები მძიმე სანახავი იყო. გახარიამ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთავარ პროკურატურას დააკისრა და თქვა, რომ გამოძიებას შალვა თადუმაძე აწარმოებს.

წინასაარჩევნო პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს ქურდულ სამყაროსა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან ალიანსის შესახებ ბრალდებების მოსმენა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტის დარბაზში მოუწია. გახარია ბრალდებას არ იღებს.

ოპოზიციამ შს მინისტრს მოსთხოვა პასუხისმგებლობა აეღო ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებაზე.  

გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას და დებატებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად მოკლული დავით სარალიძის მამაც ესწრებოდა. მოზარდების მკვლელობის საქმე იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის ყველაზე მეტი კითხვა დაუსვეს.

იყო თუ არა მოხელეების მხრიდან ჩადენილი დანაშაული, ამაზე გიორგი გახარიამ გამოძიების დაწყება დაანონსა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებლობას პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის წევრებსაც აკისრებდა.

 

დღის ამბები