25 აპრილი 2024,   16:37
ვრცლად
მარნეულში საკვებად მოპარული ბატის პატრონმა მოზარდებს თოფიდან ესროლა - დაჭრილია ერთი არასრულწლოვანი

შინაური ფრინველის ქურდობისთვის დაჭრილი ბავშვი - მარნეულში საკვებად მოპარული ბატის პატრონმა მოზარდებს თოფიდან ესროლა.

სოფელ ყულარში ყვებიან, რომ ოთხმა ახალგაზრდამ ერთი ბატის მოპარვა და ავტომობილით მიმალვა სცადა. ბატების პატრონი რაშადათ ალიევი მანქანას დაედევნა და ქურდებს სანადირო თოფიდან ესროლა. ტყვიამ შუშა დააზიანა და ერთ-ერთ არასრულწლოვანს სახე და მხარი დაუზიანა.

ბატების პატრონი აღიარებს, რომ ახალგაზრდების მანქანას ნამდვილად ესროლა. მისი თქმით, პოლიცია დამნაშავეს ვერ აკავებს, ამიტომ გადაწყვიტა, ქურდი ფაქტზე თავად დაეჭირა.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი დაიჭრა, რაშადათ ალიევი არ დაუკავებიათ. ის პოლიციამ უკვე გამოკითხა.

ადგილობრივები ფრინველის ქურდების მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ, მაგრამ ფერმის პატრონსაც ამართლებენ. მათი თქმით, ქვემო ქართლში ბევრი უკანონობა ხდება, ხშირია ქურდობის ფაქტებიც. პოლიციელები დანაშაულს ვერ ხსნიან, ამიტომ ადგილობრივები იძულებულები ხდებიან, თავი თვითონ დაიცვან.

მარნეულის რაონში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის და 122-ე ჯანმრთელობის დაზიანების მუხლებით დაიწყო.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დადგენილია ინციდენტში მონაწილე ყველა პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი.

დღის ამბები