19 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ცესკო-ს თავმჯდომარე შესაძლოა, ისევ თამარ ჟვანია გახდეს - სალომე ზურაბიშვილმა 3 კანდიდატი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ვადის ამოწურვამდე ნახევარი საათით ადრე დაასახელა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, არასამთავრობო ორგანიზაცის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომელი და „ქართული ოცნების“ შემომწირველი მარიამ შელეგია შესთავაზა.

გადაწყვეტილების შესახებ სალომე ზურაბიშვილს განმარტება არ გაუკეთებია და მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით შემოიფარგლა.

ზურაბიშვილის არჩევანი მოულოდნელი არ ყოფილა არც პოლიტიკოსებისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის. იმაზე, რომ თამარ ჟვანია პოსტს შეინარჩუნებდა, პოლიტიკურ კულუარებში ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ საუბრობდნენ.

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დაიწყო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან არ ესწრებოდნენ სამიდან ორი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ფორმალურ პროცესში მონაწილეობას აზრი ვერ დაინახა. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა კი პრეზიდენტთან ორი საათით ადრე დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება მოუცლელობის გამო ვერ შეძლო.

ნანა კაკაბაძე, რამაზ გაგნიძე, დავით ლილუაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ხელმძღვანელებთან ერთად არჩევდა.

შეხვედრა პრეზიდეტთან ძირითადად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, რომელებიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღდეგ რადიკალური მეთოდებით იბრძოდნენ და „ქართული ოცნებას“ ღია მხარდაჭერას უცხადებდნენ.

 

  ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები