„პროკურატურა და მინისტრი რაღაცაზე შეთანხმებული არიან,“ - ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ შს მინისტრის პარლამენტში გამართული დებატების მოსმენის შემდეგ გააკეთა.
ზაზა სარალიძის თქმით, ამ დრომდე მისი შვილის მკვლელობის საქმე გაუხსნელია და დამნაშავეების დადგენა და დაკავება ვერ ხერხდება. სწორედ ამის გამო რჩება მოკლული მოზარდის მამას შთაბეჭდილება, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებს შორის შეთანხმება შედგა.
ზაზა სარალიძეს იმედი არ აქვს, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის პერიოდში მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდება.
„ფაქტი ფაქტად რჩება, ჩემი შვილის მკვლელი გარეთ არის და ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები და არც დავეთანხმები. მე ასე ვთვლი, რომ პროკურატურა და მინისტრი რაღაცაზე შეთანხმებული არიან, რაზე არიან ვერ გეტყვით, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ მანამ, სანამ არ იქნება ჭეშმარიტება აღდგენილი. პოლიტიკური ნება არ არსებობს, ეშინიათ ისეთი რაღაცების, დავუშვათ, შოთაძე რომ დაიჭირონ, იმდენ საქმე აქვს გაყალბებული, ადგება და მოაღებს პირს, ილაპარაკებს, ანალოგიურს ვიტყვი გაბიტაშვილზე, ფხაკაძეზე. ამიტომ, ვთვლი, სანამ ეს ხელისუფლება იარსებებს, ამ საქმეზე სრული ჭეშმარიტება არასდროს იქნება დადგენილი,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში იმყოფებოდა და დეპუტატების მწვავე კითხვებზე პასუხს სცემდა. მინსიტრის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში ასევე დაესწრო ზაზა სარალიძეც.
ოპოზიციაში მინისტრის გამოსვლას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ როგორც სარალიძის, ისე მაჩალიკაშვილის საქმეებზე გახარიას კონკრეტული და ამომწურავი პასუხი არ გაუცია.