19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
„ჩავაგდეთ," ეს არ იყო სწორი სიტყვები - გახარია კირკიტაძის დაპატიმრებაზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით პარლამენტში გამოყენებულ ტერმინს განმარტავს. მინისტრის თქმით, მან მწვავე დისკუსიის გამო გამოიყენა ტერმინი „ჩაგდება,“ რაც არასწორად შერჩეული სიტყვაა.

თუმცა, მინისტრი გახარია დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას დადებითაც აფასებს და ამბობს, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა ნამდვილად იმსახურებს სასჯელის ამ ფორმის გამოყენებას.

„ჩავაგდეთ," ეს ის მომენტი იყო ზუსტად, როდესაც დისკუსია იყო ემოციურ ფაზაში გადასული და რა თქმა უნდა, ეს არ იყო სწორი სიტყვები. თუმცა, ბატონმა კირკიტაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და სახელმწიფო ინსტიტუტს, ფაქტობრივად, და რა თქმა უნდა, ის სრულად იმსახურებს იმ სასჯელს და აღკვეთის ღონისძიებას, რომლის ქვეშაც დღეს იმყოფება,“ - განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრი არ აკონკრეტებს კიდევ ვის დაკავებას გეგმავს ძალოვანი უწყება კახეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. გიორგი გახარია ასევე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, შსს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გეგმავს.

მინისტრის თქმით, საგამოძიებო უწყებას დეპუტატის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

„დეპუტატების დაკავება როგორ უნდა ველოდოთ, როდესაც მათ იცავს იმუნიტეტი. რაც შეეხება ბატონ ნიკანორ მელიას, ის საკმაოდ ეფექტურად იყენებს იმუნიტეტს და ეს ახლა აშკარად ჩანს, თუმცა, რა თქმა უნდა, იქ, სადაც იქნება გადაცდომა, ჩვენ ეს გადაცდომა თუ დავაფიქსირეთ, ჯერჯერობით, მხოლოდ ადმინისტრაციულს ვხედავთ და ვნახოთ, მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები