26 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ახალ 2019 წელს სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია ახალ 2019 წელს სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან, შეხვდა. ძალა ერთობაშიას წევრებმა ღამის 12 საათზე ადგილობრივებს ახალი წლის დადგომა ფოიერვერკით მიულოცეს. 

სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ამ გზით სურთ, ხელისუფლებას უთხრან, რომ მტკიცე და პრინციპული პოზიციით, შესაძლებელია ოკუპანტის დაშინება და იმ აგრესიის შეჩერება, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი გამყოფ ხაზთან თითქმის ყოველდღიურად იჩენს.

საოკუპაციო ხაზთან აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობენ ქალებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის გამო, საქართველოს განვითარების პერსპექტივაც კითხვის ქვეშ დადგება.

ადგილობრივი მოსახლეობაც ფიქრობს, რომ სამოქალაქო აქტიურობას შედეგი ჰქონდა. ატოცელების თქმით, ყოველდღიური პატრულირების შემდეგ შემცირებულია სოფლიდან ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებულების რაოდენობა და აღარ გაგრძელებულა არც ტერიტორიების ჩუმად მიტაცება.

სოფელ ატოცში, პოლიციასთან ერთად, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები მას შემდეგ დგანან, რაც ოკუპირებულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ რამდენიმე კილომეტრიანი ე.წ საზღვარი სოფლის შუაგულში ჯერ ბოძებით, შემდეგ კი ამავე ბოძებზე გავლებული მავთულხლართებით გაევლოთ. 

დღის ამბები