26 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
მოსამართლეთა უვადოდ გამწესება - იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს

უვადოდ განსამწესებელი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

სავარაუდოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სია, არც პოლიტიკური კრიზისის და არც დეპუტატების წინააღმდეგობის მიუხედავად, არ გადაიხედება.

ე.წ. შავი სია საპარლამენტო უმრავლესობაში პოლიტიკური ნაღმის აფეთქებას დაემსგავსა, რადგან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობის დატოვება ეკა ბესელიამ სწორედ ამ სიას დაუკავშირა.

საბჭო მზად არის დეპუტატებთან კონსულტაციისთვის, თუმცა, კანდიდატურების შეცვლა არ განიხილება.

„საბჭოს მიერ დასახელებული 10 კანდიდატი გადახედვას არ ექვემდებარება. ეს 10 კანდიდატურისგან შემდგარი სია არის შედგენილი მათი დამსახურების, მათი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე. ამიტომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებული იქნება, რომ 10 კანდიდატურასთან დაკავშირებით იმსჯელოს. შერჩეული 10 კანდიდატი, რაც არ უნდა წესი, პროცედურა და კრიტერიუმები განისაზღვროს, ამ კრიტერიუმებს ყველა შემთხვევაში დააკმაყოფილებს,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსმართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, კი ახალი სიის გადაგზავნას ითხოვს. მისი თქმით, ახალი კრიტერიუმების შემუშავების შემდეგ ჩინჩალაძის კლანის წევრები არ უნდა მოხვდნენ სიაში.

„საბჭომ უნდა წარადგინოს ახალი სია... არ უნდა დავუშვათ, რომ პროცედურების და გარკვეული კრიტერიუმის შემუშავების შემდეგ მაინც ჩინჩალაძე ან მასთან დაახლოებული მოსამართლეები მოხვდნენ იმ სიაში, რადგან ამის რისკები არის ძალიან მაღალი,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებებს მოსამართლე წევრი, თამარ ონიანი, უპირისპირდება. მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გააკრიტიკა. ის ანა დოლიძეს იუსტიციის საბჭოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ონიანის კრიტიკაზე საპასუხოდ ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ სწორედ საბჭოს მოსამართლე წევრები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას კი ანა დოლიძე პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა სიის გაყვანის მცდელობასთან აკავშირებს.

„შარშანდელი წლიდან, როდესაც მე საბჭოში ვარ, ამ ადამიანებს ჰქონდათ ჩემი იქ ყოფნის პრობლემა იმიტომ, რომ სამართლიანობასთან მათ პრობლემა აქვთ იმის გამო, რასაც მე და ქალბატონი ნაზი ვლაპარაკობთ. აკეთებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ განცხადებებს. ამით შავით თეთრზე სისტემურად უკვე არღვევენ ეთიკის კოდექსს, ამით ისინი შემოდიან პოლიტიკურ ცხოვრებაში, სავარაუდოდ, ალბათ იმიტომ, რომ ქუდზე კაცი არის დაძახებული იმისთვის, რომ ეს შავი სია, რომელიც პარლამენტში დევს, გავიდეს. ეს არის ძალიან საშიში ტენდენციის ნაწილი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები