22 მაისი 2024,   00:47
ვრცლად
H1N1 ვირუსის 158 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა - ამირან გამყრელიძე

H1N1 ვირუსის 158 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია გასულ კვირასთან შედარებით.

მისი თქმით, დღეიდან პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, უკვე ხვალიდან კი კლინიკები 24 საათიან რეჟიმში გადავლენ.

„ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ამ ეტაპზე უკვე, მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. რამეთუ, ჩვენი კვლევებით, დაახლოებით, 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დღეს ქვეყანაში, სადაც 158, ანუ უმეტესობა გახლავთ H1N1. დანარჩენი 4 - H3N2, ასევე გამოჩნდა, გვაქვს ერთი ბ ტიპის ვირუსი, რომელიც მსუბუქად მიმდინარეობს.

„გასული კვირის მონაცემებით, ჩვენ ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე გვაქვს 256, ანუ ერთი კვირით მონაცემზე შემცირებულია 21 ერთეულით, მაგრამ კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციით. ისიც შემცირებულია ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 41 პროცენტიდან 33 პროცენტამდე, მაგრამ 33 პროცენტიც ითვლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება და მოგეხსენებათ, მოიმატა ასევე ბოლო კვირაში გარკვეულად სასწრაფოს გამოძახებათა რაოდენობამ, ამიტომ, იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ, რომ ამუშავდა უკვე დღევანდელიდან ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლი, რომელიც წარმატებით იქნა წინა სეზონების დროს გამოყენებული,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რისკ ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა პრეპარატ „ტამიფლუს“ ასაღებად ჯანმრთელობის ცნობა, ფორმა N 100-ის საშუალებით უნდა მიმართონ ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრს, რის შემდეგაც შეძლებენ პრეპარატის მიღებას.

ვირუსის შემდეგ ტალღას ჯანდაცვის უწყება თებერვალში აანონსებს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები