16 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
"მეგობარი" - აქტი, რომელიც სანქციებსაც მოიცავს და მხარდაჭერის უპრეცედენტო პაკეტსაც - რას პასუხობს "ოცნება" ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივას

"გამჭვირვალობის კანონი" არ არის ვაჭრობის საგანი - ასე უპასუხეს ადრესატებმა ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივას. ვრცელი განცხადება "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა. სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული; ამისათვის კი, მათივე შეფასებით, არა ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. განცხადებაში წერია, რომ წლებია, საქართველოს ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში უწევს ცხოვრება, რაშიც საკვანძო როლს სწორედ გარედან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ.

სიტყვების ნაცვლად მოქმედება - სწორედ ამას ელოდება მმართველი პარტია ახლა აშშ-გან. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, სახელისუფლებო ძალა მსგავს ინიციატივებს მიესალმება, თუმცა მათთვის მთავარი კონკრეტული ნაბიჯებია.

ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივის შესახებ ცნობილი გამოცემა "პოლიტიკოსგან" გახდა. სტატიაში წერია, რომ ამერიკელი კანონმდებლის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, შესაძლოა, საქართველომ შტატებისგან სავაჭრო და სამხედრო პაკეტები მიიღოს და ასევე ვიზალიბერალიზაციაზე დაიწყოს საუბარი, თუმცა, ამისთვის პირობების შესრულებაა საჭირო. ჯო უილსონის პროექტით, ერთ-ერთი წინაპირობა საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლას უკავშირდება. ინიციატივის მიხედვით, პროგრამის ამოქმედებას შტატების მიერ საქართველოს დემოკრატიის გამყარების მხრივ წინსვლის, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარების დადასტურება სჭირდება. ასევე, ამერიკამ უნდა აღიაროს ისიც, რომ "წინასაარჩევნო გარემო დაბალანსებული იყო".

შესაძლებლობა, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს - ასეთია ხელისუფლების ოპონენტების შეფასება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ მმართველი პარტია გზავნილს არ მიიღებს, ეს ქვეყნის ინტერესების მიზანმიმართული დაზიანება იქნება.

ინიციატივის მნიშვნელობაზე საუბრობენ "გირჩშიც", თუმცა მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ამ კანონპროექტს იმაზე მეტად რეალურად წარმოაჩენს, ვიდრე ის ამ ეტაპზეა.

კონგრესში წარდგენილი დოკუმენტი რომ ჯერ მხოლოდ ინიციატივაა, ამაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც. ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინოს და მოქალაქეებს ვირტუალური რეალობა შესთავაზოს. მიზეზი კი საპროტესტო მუხტის აწევაა.

ჯო უილსონის მიერ მომზადებულ აქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ახლა დაინტერესებული მხარეები ცდილობენ, ერთი კონგრესმენის ინიციატივა შტატების პოზიციად წარმოაჩინონ.

რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებული დოკუმენტი ჯერ მხოლოდ პროექტია. იმისთვის, რომ კონგრესმა ინიციატივას კანონის ძალა მიანიჭოს, შესაბამისი პროცედურებია გასავლელი.

დღის ამბები