17 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
ეკა ბესელიას ბედს უმრავლესობის შეხვედრაზე გადაწყვეტენ - არსებული ინფორმაციით, სხდომას ივანიშვილი უხელმძღვანელებს 

იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის ბედი სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე გადაწყდება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ შეხვედრაზე ეკა ბესელიას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება უნდა შეეძლოს. 

„თვითონ სუბიექტის მიერ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი მოლოდინია ,რომ რა თქმა უნდა იქნება იმის საშუალება, რომ მას საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცეს და რა თქმა უნდა გვექნება მსჯელობა,“-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

ვიდრე მმართველი გუნდის წევრები, იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის ბედს პარტიის სხდომაზე გადაწყვეტენ, ეკა ბესელია პარლამენტში თანამოაზრეებთან კონსულტაციებს მართავს.

ბესელიას მხარდამჭერთა შორისაა დავით ჭიჭინაძეც, რომელიც დახლოებით 6 თვის წინ გარიცხეს უმრავლესობიდან. ბესელია მოუწოდებს მასთან დაპირისპირებულ ყველა დეპუტატს, საჯაროდ დააფიქსირონ პოზიცია და ღიად განაცხადონ რა აზრის არიან უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა ათკაციანი სიის შესახებ.

"ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ. 

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები,  მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხონ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" ეკა ბესელიას ულტიმატუმის შესრულებას და მოსამართლეთა სიის უკან გაწვევას არ აპირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები