როგორ მუშაობს თანასწორთა გაერთიანება და რას ნიშნავს იყო ევროკავშირის წევრი? ვის როგორ ესმის ქვეყნის სუვერენიტეტი? ეს თემა აქტუალური ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გახადა, რომელმაც, თბილისში მიმდინარე აქციაზე, ევროკავშირის კრიტერიუმებსა და მოთხოვნებზე ისაუბრა.
"მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ერთმანეთის გვესმის, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რას იწვევს ევროკავშირის წევრობა. ფაქტობრივად, შენ თმობ შენი სუვერენიტეტის ნაწილს" - ამ გამოცდილებას კანდიდატ საქართველოს ევროკავშირის წევრი ბალტიის ქვეყანა უზიარებს.
ორივე საბჭოთა კავშირიდან მოდის; ორივე აღიარებს, რომ სახელმწიფოთა გაერთიანების წევრობა სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობას გულისხმობს, თუმცა თბილისი მიიჩნევს, რომ თავისუფალი ქვეყნების ერთობა დისკუსიის შესაძლებლობასაც ნიშნავს და არა - მითითებების უპირობო შესრულებას.
ცენტრი და რეგიონი - ვილნიუსს მაგალითად ბრიტანეთის "ბრექსითი" მოჰყავს, თბილისს - მოსკოვიდან მართული საბჭოთა რესპუბლიკები. მოკლედ, საქართველო შეკამათების უფლებას ითხოვს და ამას ვერ ხედავს ბალტიელი პარტნიორების რიტორიკაში.
განცხადებები ოპოზიციაში არაერთგვაროვანია. ნაწილი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა სუვერენიტეტის დათმობას არ ნიშნავს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ნიშნავს - თუმცა ეს ნებაყოფლობითი არჩევანია.
უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. პირიქით - განმარტავენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება სურთ და სწორედ ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონიც.
მიტინგზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტო არ ყოფილა. გაბრიელიუს ლანდსბერგისი აქციაზე ლატვიელ, ესტონელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად მივიდა. დიპლომატებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს სცენიდანაც მიმართეს და სოლიდარობა გამოუცხადეს, მათ შორის - ქართულ ენაზე.
"ქართულმა ოცნებამ" უცხო ქვეყნის დიპლომატების აქციაზე გამოჩენა ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევად და რევოლუციური პროცესის ხელშეწყობად შეაფასა. გაცილებით მწვავე იყო შეფასება "ხალხის ძალისგან". პარტიამ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ქვეყანაში ევროპელი პარტნიორების შემოშვების საკითხი ისევ დააყენა.
მიუღებელს უწოდებს უცხოელი დიპლომატების ნაბიჯს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე ადრე, საპროტესტო აქციაზე საქართველოში ჩამოსული გერმანიის, ფინეთის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთაც პარლამენტის წინ შეკრებილებს, ასევე, მხარდაჭერა გამოუცხადეს.