სახელისუფლებო გუნდი აქციების ორგანიზატორების დადგენას ითხოვს. მმართველ პარტიაში აქვთ ეჭვი, რომ ახალგაზრდების პროტესტს "ნაციონალური მოძრაობა" აორგანიზებს. "ქართულ ოცნებაში" დღეს თქვეს, რომ სწორედ ყოფილი სახელისუფლებო პარტია უზრუნველყოფს დემონსტრაციებს ფინანსური და ტექნიკური საშუალებებით. საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" ლოჯისტიკურ ავტომობილზეც, რომელიც მსვლელობებს წინ მიუძღოდა.
აქციების ორგანიზებას უარყოფენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და იმ პოლიტიკურ პარტიებშიც, რომლებიც პროტესტში ყოველდღიურად მონაწილეობენ. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ დემონსტრაციებს სათავეში ახალგაზრდები უდგანან და თავად მხოლოდ მონაწილეები არიან.
განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში", სადაც ასევე ფიქრობენ, რომ შესაძლებელია, აქციებს ფინანსურ მხარდაჭერას სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" უწევდეს. ამის პარალელურად, იაგო ხვიჩიას აქვს ეჭვი, რომ ორგანიზებაში მესამე სექტორიც ჩართულია, თუმცა, მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ცდილობენ ორგანიზატორები ამ ყველაფრის დამალვას.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ, უარყოფის მიუხედავად, საზოგადოებისთვის ყველაფერი ისედაც ნათელია - რომ აქციების მიღმა სწორედ ოპოზიცია დგას. ამას, მმართველი პარტიის თქმით, მათი სცენაზე გამოსვლა და პოლიტიკური განცხადებებიც ადასტურებს.
ბოლო რამდენიმე კვირაა, თბილისში, პარლამენტის წინ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტში აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციაც, რომლის ნაწილმაც საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა.