16 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ერთად თუ ცალ-ცალკე? – ქართულ ოპოზიციას გაერთიანებასა და საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლას ამჯერად სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" დამფუძნებელი ურჩევს

პროტესტის პარალელურად, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეები ერთიან ოპოზიციურ საარჩევნო სიაზე ალაპარაკდნენ. დემონსტრანტი სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საზოგადოების დაკვეთა გაერთიანებაა. მათი თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის ჩამოუყალიბებელი პოზიცია წარმატების მიღწევის შანსებს ამცირებს.

საარჩევნო ბიულეტენში, საერთო ნომრის ქვეშ "ოცნებასთან" დაპირისპირებაში ხედავს წარმატების ფორმულას "სტრატეგია აღმაშენებელი". წინასაარჩევნოდ, "ნაცმოძრაობასთან" უკვე გაერთიანებული პარტია სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ერთიანობისკენ მოუწოდებს.

საუბარს ერთიან საარჩევნო სიებზე ოპოზიციის მორიგ ლუსტრაციად მიიჩნევს სახელისუფლებო გუნდი. კანონმდებლების თქმით, "ნაციონალური მოძრაობა", სტუდენტების სახელით, საკუთარ პოლიტიკურ სტრატეგიას ახმოვანებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობა", სიმულაციური კოალიციით, ხელისუფლებაში კვლავ ერთპიროვნულად დაბრუნებას ცდილობს.

ერთიან სიას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციური ფლანგის ნაწილი. "გირჩი", "ლელო" და გახარიას გუნდი ოქტომბერში, სავარაუდოდ, დამოუკიდებელი საარჩევნო ნომრით იქნებიან წარმოდგენილნი. პარტიებში მოწოდებას საარჩევნოდ გაერთიანებისკენ ტექნიკურ საკითხს უწოდებენ და ამბობენ, რომ მთავარია, ოპოზიციამ გაერთიანება, ხელისუფლების შესაცვლელად, უკვე პოსტსაარჩევნო პერიოდში შეძლოს.

ერთად თუ ცალკე, ოპოზიციას წარმატების შანსი არ აქვს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. "ოცნების" დეპუტატების აზრით, ოპოზიციის უმრავლესობა, იდეურად, "ნაცმოძრაობასთან" ალიანსში უკვე იმყოფება - შესაბამისად, საარჩევნო სიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.

თბილისში, გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, თითქმის ერთთვიანი პროტესტის პარალელურად, პოლიტიკური აქტორების ნაწილმა, წინასაარჩევნოდ, აქტიური მზადება დაიწყო.

დღის ამბები