19 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე - სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა 

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება. გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ დღეს მიიღო. 

უწყება საგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს და სთხოვს გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად.

"სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება ბაგა-ბაღებშიც. შესაბამისად სასწავლო პროცესი სკოლასა და ბაღებში 21 იანვარს, ორშაბათს განახლდება. 

გადაწყვეტილება ეხება საჯარო დაწესებულებებს, კერძო სასწავლო დაწესებულებები კი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ. 

საქართველოში, ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 250-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 13 ადამიანი. 

მედიკოსები ვირუსის გავრცელების ახალ ტალღას თებერვლის შუა რიცხვებში ელოდებიან.    

დღის ამბები