26 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
"თუ მოხდა კიდევ აღიარება, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი მთავრობისთვის" - ანალიტიკოსები ხაჯიმბას ვენესუელის პრეზიდენტთან შეხვედრას ეხმაურებიან

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტისა და ვენესუელის პრეზიდენტის შეხვედრას ანალიტიკოსები ეხმაურებიან. ისინი ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირების, დიპლომატიური არხების და არაღიარების პოლიტიკის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს ტერიტორიები ლათინური ამერიკის ქვეყნებმა აღიარონ.

ანალიტიკოსების თქმით, თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან აღიარება მოხდა, ეს საქართველოს მთავრობისთვის დიდი ჩავარდნა იქნება.

„ახლა, ამ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი აღარ აძალებს არავის აღიარებას, თუ მოხდა კიდევ აღიარება, მაგალითად, კუბის მხრიდან, ეს იქნება სრული ჩავარდნა და კატასტროფა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად მთავრობისთვის. საჭიროა პროაქტიური მუშაობა. შეიძლება, მოსკოვი ახლა მაინცდამაინც არ მუშაობს ისე, როგორც ადრე მუშაობდა, მაგრამ თვითონ აფხაზებს და ოსებს, მათ ე.წ. პრეზიდენტებს ეს სჭირდებათ, რომ თავიანთი პოზიციები გაამყარონ და ხალხს დაანახონ, რომ აი, გვაღიარა კიდევ ვიღაცამ,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ანალიტიკოსების აზრით, აუცილებელია, დაფიქსირდეს, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს, რომ პრიორიტეტია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არა მარტო ოფიციალურ დონეზე, არამედ საქმითაც. ერთია, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპაში და მეორე, ისეთ არჩევნებს ვატარებთ, როგორიც არის აფრიკაში. ეს ერთმანეთთან არ ჯდება,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ვენესუელის პრეზიდენტს შეხვდა. რაულ ხაჯიმბა სალვადორში იმყოფება, სადაც ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არ აღიარებულ სანჩეს სერენოსთან ერთად, აფხაზი და სალვადორელი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე საუბრობს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები