19 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
აფეთქებას დიღომში დედა-შვილი ემსხვერპლა - 36 წლის ნათია ციცვიძე ქართულ-ამერიკული სკოლის პედაგოგი იყო 

ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა, რომელიც ავთანდილის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის დროს დაიღუპა, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ისტორიის მასწავლებელი იყო.

36 წლის ნათია ციცვიძე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ სკოლაში. მისი კოლეგები ციცვიძეს წარმატებულ პედაგოგად ახასიათებენ.

სკოლის ადმინისტრაციამ გასულ წელს მას წარმატებული მუშაობისთვის სიგელი გადასცა.

„ერთ-ერთი სამაგალითო პედაგოგი იყო და ასევე, ბავშვებიც ძალიან დიდ პატივს სცემდნენ და უყვარდათ მისი გაკვეთილები. რადგან სკოლას 5 წელი შეუსრულდა 2018 წლის ბოლოს, ნათია ამ სკოლის დაარსებიდან აქ არის და მას ერთგულებისთვის და თავისი მოღვაწეობისთვის გადაეცა ეს სიგელი,“ - განაცხადა ნათია ციცვიძის კოლეგამ.

ნათია ციცვიძის თანამშრომლები ამბობენ, რომ ოჯახი ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებლად ახალი გადასულები იყვნენ.

ქართულ-ამერიკული სკოლის მასწავლებლები გეგმავენ, რომ ხვალ შეიკრიბონ და ნათია ციცვიძის ხსოვნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება დაგეგმონ, მათ შორის, სამძიმრის წიგნსაც გააკეთებენ.

პედაგოგების ნაწილი ნათია ციცვიძის სახლთან წავიდა, ნაწილი იაშვილის კლინიკაში, სადაც ციცვიძის მცირეწლოვანი შვილი გადის მკურნალობას.

გუშინ დატრიალებული ტრაგედიის დროს 36 წლის ნათია ციცვიძესთან ერთად გარდაიცვალა მისი შვილი და ასევე, მისი და.

მათ გარდა, ტრაგედიის შედეგად დაიღუპა კიდევ ორი მოქალაქე, ხოლო 8 დაშავდა. დიდ დიღომში აფეთქება გუშინ გვიან საღამოს მოხდა.

ადგილობრივები ტრაგედიას ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირებენ. ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლები „ყაზხტრანსგაზის“ თანამშრომლებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ, რადგან მათ გამოიძახეს, თუმცა, ადგილზე მისულმა კომპანიის თანამშრომლებმა ხარვეზი ვერ ნახეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლის გამოკითხვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები