26 აპრილი 2024,   23:16
ვრცლად
ტრაგედია და 4 დაკარგული სიცოცხლე - ადამიანების ისტორია, რომელიც აფეთქების შემდეგ შეიცვალა

უმძიმესი ტრაგედია - აფეთქებას დიდ დიღომში გადარჩენილები იხსენებენ. კადრი, რომელიც დატრიალებული ტრაგედიის ყველაზე შემზარავ, სიმბოლურ ფოტოდ იქცა, ფოტოგრაფ გიორგი ჟამერაშვილს ეკუთვნის. ფოტოზე ასახულია ორი მამაკაცი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ხელში პატარა გოგონა უჭირავს და მისი გულის ამუშავებს ცდილობს.

შემთხვევის ადგილზე მეზობელთან სტუმრად მყოფი ექიმი აღმოჩნდა. ოლეგ კვიციანს, რომელმაც, როგორც თვითმხილველები ყვებიან, პატარა გოგონას გული აუმუშავა, საჯაროდ ამ ღამის გახსენება არ შეუძლია. პატარა გადარჩა, ის დღესაც საავადმყოფოშია, თუმცა, აფეთქებამ მისი ტყუპისცალი ძმა ნიკო და დედა შეიწირა.

36 წლის ნათია ციცვიძე მეუღლესთან, მინდია ფირანიშვილთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალ სახლში შარშან გადავიდა. პროფესიით მასწავლებელი 5 წლის განმავლობაში ამერიკულ-ქართულ აკადემიაში ისტორიას ასწავლიდა. ტრაგედიის დღეს ოჯახთან სტუმრად ნათიას და, ნინო ციცვიძე იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად ორივე და ადგილზე გარდაიცვალა.

დღეს არსებული ინფორმაციით, ავთანდილის 8 ნომერში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი მეზობლის დაკეტილ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვაა. მეზობლების თხოვნის შემდეგ, ბინის მეპატრონემ მეგობარს მდგომარეობის გადამოწმება სთხოვა, რომლის სახლში შესვლას და სინათლის ანთებას ძლიერი აფეთქება მოჰყვა. 30 წლის ლევან დავლაძე ადგილზე გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში ტრაგედიის ღამეს დიდი დიღმის მოსახლეობამ სპეციალური ჯგუფი შექმნა, სადაც უამრავი ადამიანი დაზარალებულებს ღამის გასათევს, საჭმელს, საჭიროების შემთხვევაში სისხლს და მანქანით მომსახურებას სთავაზობდა.

დაზარალებულთათვის დახმარების მსურველთა სია უსასრულოა. დღეს სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ დაღუპულთა ცხედრები ქაშვეთიდან საბურთალოს სასაფლაოზე გადაასვენეს.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ საქართველოში 86 ადამიანი იმსხვერპლა. 

 

 

 

დღის ამბები