26 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
"ვერ ვსუნთქავდით, ვერ გეტყვით, როგორი პანიკა იყო" - დაზარალებული დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას იხსენებს

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა, დაზარალებული, ბიჭიკო გოროზია, იხსენებს.

ბიჭიკო გოროზიას თქმით, დღის განმავლობაში ადგილობრივები ბუნებრივი აირის სუნს გრძნობდნენ და ყაზტრანსგაზის თანამშრომლებს რამდენიმეჯერ დაურეკეს.

„ჩვენ გვაქვს ორი სადარბაზო, შემოვიდნენ პირველი სადარბაზოდან. იქ ცენტრალური კრანი არსებობს, იქ შეამოწმეს, გავიდნენ შემდეგ უკანა ეზოში, გარეგანი დათვალიერება გააკეთეს... აღნიშნეს, რომ გაჟონვა არ ხდებოდა იქიდან. სუნი, სამწუხაროდ, იყო მკრთალად. ჩვენ სანამ მოვიდოდნენ, გავანიავეთ სადარბაზო,“ - ამბობს დაზარალებული.

ბიჭიკო გოროზიას თქმით, მათ არ გასჩენიათ ეჭვი, რომ რომელიმე ბინაში გაჟონა გაზმა. მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლებს მე-9 სართულის შემოწმება სთხოვეს.

„ეჭვი მაქვს იმის, რომ არ ავიდნენ იმიტომ, რომ მე რაც ვუთხარი, იმას შეასრულებდნენ, კარებზე დააკაკუნებდნენ და იკითხავდნენ, სახლში იყო თუ არა გაზის სუნი. მათ როგორც აღნიშნეს, რაც არსებობს მრიცხველები, მხოლოდ მრიცხველები შეამოწმეს და „პადიეზდში“ სუნი არ იგრძნობოდა. განაცხადეს, რომ არაფერი საშიში არ იყო,“ - ამბობს ბიჭიკო გოროზია.

ადგილობრივებს კომპანიის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საშიშროება არ არსებობდა და ერთ-ერთ ვარიანტად დაასახელეს, რომ კორპუსში მცხოვრებმა გაზის ბალონი აიტანა.

ბიჭიკო გოროზიას თქმით, აფეთქების დროს სახლში იყო. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ კი სასტუმროში იმყოფება.

"დადგა ძალიან დიდი ბუღი, მტვერი, სუნი, საშინელება, რომელიც ვერ ვსუნთქავდით. ვერ გეტყვით, როგორი პანიკა იყო," - ამბობს დაზარალებული.

თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე, მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. მომხდარის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში ყაზტრანსგაზის 2 თანამშრომელი დააკავა.

დღის ამბები