26 აპრილი 2024,   22:10
ვრცლად
თავდასხმა ევროპის ჩემპიონზე - გეგეშიძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პრეზიდენტის სავარძელს დაუბრუნდება

ევროპის ჩემპიონზე თავდასხმა სასამართლომ და პროკურატურამ 5000 ლარად შეაფასეს. ჭიდაობის ფედერაციის ბრალდებული პრეზიდენტი სასამართლო დარბაზიდან საკუთარ სავარძელს უბრუნდება.

გეგა-თამაზ გეგეშიძემ მოსამართლეს პირდაპირ უთხრა, რა მოხდება, თუ მას უფლებამოსილებას შეუჩერებდნენ. გეგეშიძე საპატიმროდან ისევ პრეზიდენტის სტატუსით გაათავისუფლეს.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა 48 საათი წინასწარი მოთავსების იზოლატორში 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამო გაატარა. საქმის მთავარი მტკიცებულება „შაბათის კურიერში“ გასული კადრებია, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ის ფიზიკურად ევროპის ჩემპიონს, ზურა დათუნაშვილს.

თუმცა დაკავების შემდეგ მისი ინტერესების დამცველი ამტკიცებდა, რომ დაპირისპირების დროს გეგეშიძეც ცემეს.

გეგა გეგეშიძეს საქალაქო სასამართლოში მხარდაჭერა სპორტსმენთა ნაწილმა გამოუცხადა. მოჭიდავეები დილიდან საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფებოდნენ.

როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ახლა უკვე ბრალდებულ პრეზიდენტსა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის, უცნობია.

გეგა-თამაზ გეგეშიძე ფედერაციაში უკვე, სავარაუდოდ, ხვალ ბრალდებული პრეზიდენტის სტატუსით მივა. მისი საქმის არსებითი განხილვა კი რამდენმე კვირაში გაგრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები