19 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
კანონი ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ - არასამთავრობოები პრეზიდენტს ხვდებიან 

ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, საქართველოს პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა მიმდინარეობს. განხილვის მთავარი თემა პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელიც ცილისწამებასა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ეხება. 

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნეს, რომ საქართველოში მოქმედი კანონს გამკაცრება არ სჭირდება.

საიას თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია გაირკვეს, თუ რას გულისხმობს პრეზიდენტის ინიციატივა. 

„ჩემი პოზიცია არის, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით. შესაბამისად რაიმე ტიპის ცვლილებას, რომელიც გააუარესებს არსებულ კანონმდებლობას, შეხვდება მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა საზოგადოების მხრიდან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საია არ აპირებს არც ერთ დისკუსიაში მონაწილეობის მიღებას, რომელიც რამე ფორმით ამ კანონმდებლობის გაუარესებასთან იქნება დაკავშირებული,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილისთვის ცილისწამების შესახებ კანონის გამკაცრება მიუღებელია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება დღეს არსებული მექანიზმების ეფექტურად მუშაობაზე გამახვილდეს. 

„ვფიქრობთ, რომ არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით კანონმდებლობაში საჭირო არ არის. დაუშვებელია, ცილისწამებისთვის ან დეზინფორმაციისთვის, ციხეში მიდიოდეს ადამიანი. დღეს არსებობს რეგულაციები, დღეს არსებობს მექანიზმები და ჩვენ სწორედ ამ მექანიზმების ეფექტიანობასა და მის გამართვაზე უნდა ვლაპარაკობდეთ და არა დამატებით რაიმე მკაცრ სასჯელზე,“ - ამბობს ნატა ძველიშვილი.

დღეს არსებული კანონმდებლობა, რომ გამოხატვის თავისუფლებას იცავს, ამაზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კაციტაძე. მისი შეფასებით, ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული კანონის გამკაცრებაზე საუბარი სახიფათოა.

„ვფიქრობ, რომ ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს მათ შორის, ცილისწამების რეგულაციაზე საუბარი იმიტომ, რომ მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები ისევე როგორც დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის გამოცდილება პირიქით, საუბრობს იმაზე, რომ თუკი არსებობს ქვეყანაში ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით სისხლისსამართლებრივი, ეს უნდა გაუქმდეს,“ - განაცხადა ნათია კაციტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები