დღეს უმრავლესობის მორიგი შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან ერთად იმართება. მოლაპარკებას ესწრება ეკა ბესელიაც, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეს და დაპირისპირებულ თანაგუნდელებს დღეს პირველად შეხვდება.
წინასწარი ინფორმაციით, მოსამართლეების საკითხზე იმსჯელებენ. თუმცა, უმრავლესობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მსჯელობა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზეც გაიმართოს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუდაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა, "უსასრულო კონსულტაციები აზიანებს ყველას და ყველაფერს" და იმედოვნებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დღეს მოხდება.
„მესამე რაუნდი გაიმართება კონკრეტულად სასამართლოების თემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, მეოთხე აღარ უნდა გახდეს საჭირო და გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან უსასრულო კონსულტაციები აზიანებს ყველას და ყველაფერს. კონკრეტიკაზე ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც შეხვედრა დასრულდება და თქვენთვისაც ცნობილი გახდება. მე იმედი მაქვს, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული და დასრულებული,“ - განაცხადა დიმიტრი ხუდაძემ.