პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდებულები მსხვერპლები არიან.
ახლობლების თქმით, მათ დაკავებამდე სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერები გაუგზავნეს და თავად მათ ფარული ვიდეომასალები არ გაუვრცელებიათ. ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან.
დაკავებულთა შორის არის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, რომლის მეგობარმა, ასევე ყოფილმა სამხედრომ, კურიერთან განაცხადა, რომ დაკავებულს სოციალურ ქსელში ვიდეო გაუგზავნეს.
ყოფილი სამხედრო არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან გავრცელდა.
„როგორ მიიღო და გავრცელდა სუს-ისგან,“ - აცხადებს ყოფილი სამხედრო კურიერთან.
ერთ-ერთის ადვოკატმა ჟურნალისტთან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში, გაავრცელა.
ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ უნდა შეწყდეს. ადვოკატების ნაწილი კი დღევანდელ პროცესზე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება. სხდომის დახურვა პროკურატურამ მოითხოვა. სასამართლო 9 დაკავებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.
პროკურატურა 6 დაკავებულისთვის 3 ათასლარიან გირაოს ითხოვს, მათ შორისაა მომღერალი გიორგი გასვიანი, დანარჩენი სამის შემთხვევაში კი ბრალდების მხარე პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს.
პროკურორის თქმით, გირაოს შუამდგომლობის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ჩანაწერები არ გაუვრცელებიათ, სოციალური ქსელის ინბოქსში ჩაუგდეს, თუმცა, პოლიციისთვის არ მიუმართავთ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი კი სოციალური ქსელში ინახავდა და მასობრივად ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე, 17 ადამიანი გუშინ დააკავა.