თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს განათლების მინისტრი ეხმაურება. მიხეილ ბატიაშვილი განცხადებით, ინციდენტის დასაწყისშივე დროულად ჩაერთო მანდატურის სამსახური და საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
„მოგეხსენებათ, რომ ინციდენტის წარმოქმნის შემთხვევაში ჩვენი მანდატურის სამსახური პირველივე წუთებიდან აქტიურად ჩაერთო ამაში, რაც გამოიხატა შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების როგორც გამოძახებით. ინციდენტი აღმოფხვრილია, როგორც ვიცი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოს მუშაობა მანდატურმა, ფსიქოლოგიური სამსახური ჩაერთვება, რომელიც მშობლებთან გააგრძელებს მუშაობას. მაგრამ, რაც მთავარია რეაგირება მოხდა სწრაფად და იმედი გვაქვს რომ ეს ინციდენტი სწრაფად დასრულდება და აღარ განმეორდება,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ მე-11 კლასელს შორის შესვენებისას მოხდა, რის გამოც მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებათ.
ადგილზე საპატრულო პოლიცია მანდატურებმა გამოიძახეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.