ხელისუფლება მოქალქეებისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებულ ოპოზიციაში გააკეთეს.
პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” გამგეობის წევრის, სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში ყოველთვის მზარდია სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი. მისი თქმით, შემწეობის მოხსნის ტენდენცია კი არჩვენების დასრულების შემდეგ შეინიშნება.
თეონა ჭალიძემ ამის დასადასტურებლად კონკრეტული სტატისტიკაზეც ისაუბრა და მოსახლეობას სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შემთხვევაში, ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდა.
„მოსალოდნელია, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის ხელოვნური შემცირება. მაშინ, როდესაც ხელისუფლებას არ სჭირდება მოქალაქეთა ხმები და არ ნადირობს მოქალაქეთა ხმებზე, მაშინ იყენებს ამ პოლიტიკურ იარაღს, შეიძლება ითქვას და ამცირებს სოციალურად დაუცველთა რაოდენობას ხელოვნურად. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას და ვაფრთხილებთ, რომ გაჭირვებულ მოქალაქეებზე არ გააკეთონ ეკონომია, თავად შემოიჭირონ ქამრები და ის სტატისტიკა და ციფრები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დღეს მოყვანილი, იყოს პრევენციული,“ - აცხადებს თეონა ჭალიძე.