17 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"ჩემი ძმა, საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფების, მთავრობის უკანონო პატიმარია" - დეკანოზ მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციას მართავს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. მსჯავრდებული სასულიერო პირის ოჯახი მეორე წელია უშედეგოდ ელოდება წმინდა სინოდისგან ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას ე.წ. ციანიდის საქმეზე.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ აქციის დაწყებამდე ის იმყოფებოდა პატიმრის სანახავად, რომელიც წინააღმდეგი იყო ამ შეკრების გამართვის. თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მისი მოთხოვნაა დეკანოზის ზიარება.

„უკვე ორი წელია, რაც ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფებიდან, მთავრობის ხელშეწყობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დღეს შევხვდი ჩემს ძმას. ჩემი ძმის პოზიცია იყო ამ აქციასთან დაკავშირებით, ასე რომ ვთქვათ ეს ეხება ეკლესიას და ჩემი ძმა სასულიერო პირია და იგი ცდილობდა გადაერწმუნებინა  ჩემთვის ეს აქცია. მაგრამ მე ვარ ძმა,  მე ვარ ოჯახის წევრი, მას ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და მე ვფიქრობ მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე და ამიტომ გადავწყვიტე ეს პოზიცია. მე ამ ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ყოველთვის საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაცია დამემყარებინა და მომეგვარებინა, ასე რომ ვთქვათ შიგნიდან თავიანთი პრობლემა მაგრამ სამწუხაროდ ამ ორი წლის მანძილზე არანაირი დადებითი ნაბიჯი არ  გადადგმულა,“-განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ.

აქციაზე იმყოფებიან დაკავებული დეკანოზის მეგობრებიც. რომლებიც ამბობენ, რომ მამა გიორგი ხელისუფლების უკანონო პატიმარია.

„ვუერთდებით მოთხოვნას, საპატრიარქოსა და ხელისუფლების უკანონო პატიმრის დეკანოზ -მღვდელი გიორგი მამალაძის ზიარებასა და თავისუფლებაზე,“-განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა დავით თოფურიამ.

შეგახსენებთ, სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო მკვლელობის მომზადებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის რეზონანსულობის მიუხედავად კი ამ საკითხზე წმინდა სინოდს დღემდე არ უმსჯელია.

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები