19 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
თავდასხმა ევროპის ჩემპიონზე - ზურაბ დათუნაშვილის საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს 

ევროპის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ ბიუროს წინაშე სპორტსმენისადმი სოლიდარობისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საკითხი დააყენა. ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ ძალადობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. 

„ჩვენი ვალი, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსების არის ის, რომ მას ეს თანადგომა გამოვუცხადოთ საჯარო ფორმით. მე მინდა ბიუროს სხდომაზე ამით ვისარგებლო. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ნამდვილად, იმიტომ რომ ძალადობა არ შეიძლება იყოს დაუსჯელი, არ შეიძლება ეს პრობლემა ესე გაიწელოს და გაღრმავდეს. მოგიწოდებთ, რომ ამ მხრივაც ერთიანი პოზიცია დავაფიქსიროთ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქციელს მიუღებელი უწოდა და ზურაბ დათუნაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ევროპის ჩემპიონთან შეხვედრას გეგმავს.

„ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, თუმცა ჩვენ აქ სამართლებრივ ხარისხს მივყვებით. სოლიდარობას, რა თქმა უნდა, ვუცხადებთ ევროპის ჩემპიონს. მე მექნება შესაძლებლობა, რომ მას შევხვდე და დავაახლოვო ეს პროცესი იმასთან, რომ ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას და აუცილებლად უნდა იჭიდაოს საქართველოს სახელით,“ - აცხადებს ყაველაშვილი.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა კი პარლამენტარებს სხვა დარღვევებზე რეაგირებისკენაც მოუწოდა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი თვლის, რომ გეგა გეგეშიძის საქმეში უკვე ფინანსური და კორუფციული სახის დარღვევებიც იკვეთება.

 „არ მინდა ამ ადამიანმა მარტო იგრძნოს თავი. მე მინდა, რომ ჩვენ  მის გვერდით ვიდგეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და კიდევ, პარლამენტს აქ ზედამხედველობის ფუნქცია. არ გთხოვთ მე, რომ სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდეთ, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ იმ ფაქტებზეც ვიმსჯელოთ, რომელიც ძალიან ხმამაღლა იყო ნათქვამი და მათ შორის კორუფციულ ფაქტებზე იყო საუბარი,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პარლამენტის როლზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს. მან ზურაბ დათუნაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.

„რაც შეეხება სპორტს, იყო ძალიან მძიმე და სამწუხარო ინციდენტი და გეთანხმებით, რომ იქაც პარლამენტმა თავისი როლი უნდა გამოკვეთოს,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

კადრები, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს სპორტის სასახლეში, "შაბათის კურიერმა" გაავრცელა.

დღის ამბები