სურამში ფსიქიატრიული კლინიკის რეაბილიტაცია დასრულდა. შეიცვალა დაწესებულების მენეჯმენტი, გარემონტდა კლინიკის ძირითადი კორპუსი და გამოიცვალა ინვენტარი. ცვლილებები შეეხო ამბულატორიულ მომსახურების სერვისსაც.
განახლებული სამედიცინო დაწესებულება სახალხო დამცველმა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა მოინახულეს.
რეაბილიტაციამდე სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევები ხშირად ფიქსირდებოდა.
„ჩვენ შარშან, ზუსტად ამ დროს, აქ ვნახეთ არაადამიანური, ღირსების შემლახველი პირობები აქ მცხოვრები ბენეფიციარებისთვის. დღეს ნამდვილად შეცვლილი არის ვითარება. ვესაუბრე პირადად ამ ადამიანებსაც. ისინი ცალსახად აღნიშნავენ, რომ ვითარება არის ერთმნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, როგორც პირობები ცხოვრების, ასევე მოპყრობა, დამოკიდებულება, კვება და ა.შ.“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.